აწარმოე საქართველოში

ვაშაძე: ივანიშვილმა 1 ლარად ჩაიგდო ხელში 2.5 მილიონის უძრავი ქონება

BPN.GE

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ პროგრამები - "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდი თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. პარტიის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქალაქ გარდაბანში მდებარე ნაკვეთი ლარად გადასცეს "საქართველოს სათბურის კორპორაციას", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია" - ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილსა და თანაინვესტორების ფონდის გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს ეკუთვნით. ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პროექტის "აწარმოე საქართველოში" გამოყენებით ერთ ლარად "ჩაიგდო ხელში" ორმილიონ-ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება.

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდის შესახებ. ეს ახალი ინიციატივები საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ამუშავებას და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, როგორც ჩვენ გუშინ წარმოგიდგინეთ, "ქართულმა ოცნებამ" ეს პროგრამები თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა.

2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს "საქართველოს სათბურის კორპორაციას" (ს/კ 404469865).

სს "საქართველოს სათბურის კორპორაცია" 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით, მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია". თავის მხრივ "ჯი სი ეფ პარტნიორის" მფლობელები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.

ფაქტობრივად, მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გამოყენებით, ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორმილიონ-ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება", - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები