ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის წევრები დანიის, პოლონეთის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. გიგა ბოკერიას თქმით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე ესაუბრნენ.  

"პირველ რიგში, ეს ქვეყნები და კერძოდ, ეს მინისტრები არიან ძალიან დიდი ხნის მხარდამჭერები საქართველოსი, საქართველოს დაბრუნებისა ევროატლანტიკურ, ევროპულ წიაღში, ჩვენი თავისუფლების და დემოკრატიის - ქვეყნის შიგნით. ბუნებრივია, სწორედ ამ ორ ძირითად მიმართულებაზე იყო საუბარი. ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებული. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი ხედვა იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოს გარედან - ჩვენი ჩრდილოელი, აგრესორი მეზობლისგან და საქართველოს შიგნით - ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგად. ეს ორი პრობლემა კომბინაციაში სწორედ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ის ეროზია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც პროდასავლური კურსის მიმართულებით, ისე რეალურ დამძიმებას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით, პოლიტიკური დევნის... ეს არის ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. საქართველოს ყველა მეგობარს (და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ადამიანები საქართველოს მეგობრები არიან), ეს პრობლემები აწუხებთ და ამ თემაზე გვქონდა საუბარი", - განაცხადა ბოკერიამ.

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს გუშინ საღამოს ეწვივნენ. ევროპელი მინისტრები ქართველ კოლეგას უკვე შეხვდნენ და ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს. მოგვიანებით დაგეგმილია საქართველო-პოლონეთს შორის მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის ახალი ფორმატის - თბილისის კონფერენციის დაფუძნების შესახებ. საუბარია ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსადმი პოლონეთის მხარდაჭერაზე.

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კომენტარები