ქართველები სირიაში

პრემიერი: პანკისში 2-3 ადამიანის წასვლაზე ძალიან გთხოვთ, სკანდალს ნუ შექმნით

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ამ ხელისუფლების დროს პანკისში "2-3 ახალგაზრდა" წავიდა, სკანდალი არ უნდა შეიქმნას. პრემიერი მიიჩნევს, რომ ISIS-ის პრობლემა არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი და მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში.

"მე აღარ მინდა პარალელი გავავლო წინა და ჩვენს მთავრობას შორის, თუ რა პოლიტიკა არსებობდა. მე ერთ მაგალითს შევახსენებ მოსახლეობას - ლაფანყურის სპეცოპერაცია სწორედ წინა მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო, შეიარაღებული ჯგუფები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ ის, რომ თუნდაც სოჭის ოლიმპიადის დროს მთელი ეს ტერიტორია გვქონდა აბსოლუტურად გაკონტროლებული. ძალიან წარმატებულად ვმუშაობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - ამერიკელებთან და ევროპელებთან. ასე რომ, ამ კუთხით ჩვენი მთავრობის პრობლემა მართლაც არ არის უსაფრთხოების საკითხები.

დაახლოებით 100-ზე მეტი პანკისის მკვიდრი ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე გავიდა სირიაში და ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა სირიაში. ISIS-ის პრობლემა არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი და მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია, როგორ უნდა აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში.

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის, რაც მოხდა. მე მინდა, მათ ოჯახის წევრებს ვუთხრა, რომ ძალიან განვიცდით ამ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის საკითხი, რომელიც მთელს მსოფლიოს აწუხებს, საქართველო არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვართ გამონაკლისი იმით, რომ სულ რაღაც რამდენიმე ადამიანი არის წასული. ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე სირიაში გავიდა 100-მდე მოქალაქე და ამის შემდეგ 2-3 ადამიანი, ბოლო თვეების განმავლობაში", - თქვა პრემიერმა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალგაზრდების სირიაში გადაყვანაში შსს-ს თანამშრომლები გარკვეულწილად მონაწილეობენ, პრემიერმინისტრი გამორიცხავს.

"ეს არის დაუსაბუთებელი ეჭვი და ბრალდება და ჩვენი მთავრობის დადანაშაულება, რაც არის სრული აბსურდი. თუ რაიმე კავშირი, ხელშეწყობა არსებობდა, ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ რომელიმე არალეგალური არაკანონიერი მოქმედება წავახალისოთ, პირიქით. ეს არის მაქსიმალურად მკაცრად გაკონტროლებული ჩვენი მთავრობის პირობებში.

კონკრეტული ჯგუფები, რომელიც სიტუაციას რევს პანკისში, შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან კარგად იციან და ისინი გაანეიტრალებენ ამ ჯგუფებს კანონის შესაბამისად. 2-3 ადამიანის გამო ძალიან გთხოვთ, სკანდალს ნუ შექმნით", - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პანკისიდან სირიაში არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი წავიდნენ. 

კომენტარები