ქართველები სირიაში

წულუკიანი: ახალგაზრდებმა იფიქრონ ნათელ მომავალზე და არა ბოროტების მსახურებაზე

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდა, პანკისიდან საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემაა, "თუმცა პრობლემა არსებობს". თეა წულუკიანი სირიაში ორი პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავრობამ ტერორიზმის მიზნით საქართველოდან სხვა ქვეყნებში გასვლის კრიმინალიზაცია მოახდინა, ასევე, პროპაგანდის ნაწილში შემოიღო სისხლის სამართლის სანქციები.

"როდესაც კანონი გამკაცრდა, მას მერე ნაკლები პრობლემებია ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა არსებობს. ეს ორი ადამიანი, როგორც ჩანს, მრავალი თვის წინ არის გასული საქართველოდან. მე მინდა, მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო საკუთარი, ქვეყნის მომავლის საქართველოში მშენებლობისკენ და არა ტერორიზმის მიზნით ბრძოლისკენ, რადგან ეს არის ის დიდი სენი და დანაშაული, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვებრძვით... ახალგაზრდებმა ალბათ, საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნონ, ჩაერთონ იმ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც მათ შორის პანკისის ხეობაში არსებობს. იფიქრონ ნათელ მომავალზე, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. გარდაცვლილები არიან სოფელ ბირკიანში მცხოვრები 24 წლის რამზან ფარეულიძე და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა.

კომენტარები