ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

მოკლული ბიზნესმენის შვილები ეჭვობენ, რომ ხარძიანი მისმა მეუღლემ მოაკვლევინა

pia.ge

რამდენიმე კვირის წინ მოკლული ბესო ხარძიანის შვილები პირველი ქორწინებიდან ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა, ბიზნესმენი მისმა ამჟამინდელმა მეუღლემ მოაკვლევინა. მიხეილ ხარძიანის თქმით, მოკვლით მას და მის დასაც ემუქრებიან, რამდენიმე დღის წინ კი, მათ სახლთან იგივე მოპედი შენიშნეს, რომელიც მამის მკვლელობის შემდეგ სამართალდამცველებმა იპოვეს. მიხეილ ხარძიანი ამბობს, რომ მამის ოჯახის წევრებმა იციან, ვინ ემუქრება მათ და რომ შესაძლოა, ამის უკანაც ეკა ნონიკაშვილი იდგეს. ბესო ხარძიანის შვილის თქმით, ამის თქმის საფუძველს გარდაცვლილის დედის და დის მიერ გაკეთებული განცხადებები აძლევთ. ხარძიანი ამბობს, რომ ეკა ნონიკაშვილს მამის ქონების დასაკუთრება სურს. 

"შევდივართ ბებიასთან, სადაც კამათობდნენ ბებია და მამიდაჩემი მაია ხარძიანი, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გაჩუმდით, ხმა არ ამოიღოთ ქონებაზე. თქვენზე, ორივეზე და სულ ყველაზე ტყვიებია მოშვერილი. ყველას დაგხოცავენ, ოღონდ დაიწყებენ შენით - მითხრა მე, შემდეგ ჩემი და და დანარჩენები. თქვეს, რომ მთლიანი ქონება დარჩება ეკა ნონიკაშვილს. რა დროსაც გამოეპასუხა მაია ხარძიანი და უთხრა - დედა, დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო და ეკა ნონიკაშვილი თუ ორ-სამ დღეში არ იტყვის სიმართლეს, გამოვალ და მე ვიტყვი იმ სიმართლეს. მაინტერესებს, რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილზე? გამოვიდეს და თქვას საჯაროდ. პირადად მე მიმაჩნია, რომ მამაჩემი დააჭერინა ეკა ნონიკაშვილმა, ქონების მითვისების გამო და მისი გარდაცვალების დაკვეთაც მიმაჩნია, რომ დაუკვეთა ეკა ნონიკაშვილმა. გიორგი უდესიანის აშენებული და ნაჩუქარი წავკისის სახლი რატომ აქვთ? გიორგი უდესიანის ნაჩუქარი ფულით, Porsche-ს ახალი ჯიპით, რატომ დადის ეკა ნონიკაშვილი? მაინტერესებს, ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს? ეს სიმართლე ხომ იციან? ყველა ვიდეოკადრი მაქვს ნანახი და კიდევ მოგიწოდებთ, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის, საზოგადოების და პატრიარქის წინაშე. ჩვენ, ხარძიანთა გვარს ეს არ გვეკადრება. გამოდით და თქვით სიმართლე, ნუ შეგყავთ გამოძიება ჩიხში. იცით, რასაც ვამბობ, თქვით სიმართლე, თორემ წარსდგებით ჩვენი გვარის შეკრებაზე და იქ მოგთხოვთ პასუხს ჩვენი გვარის შეურაცხყოფისთვის", - აცხადებს ხარძიანი და აღნიშნავს, რომ გია უდესიანი მამამისის ოჯახს მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა. 

მიხეილ ხარძიანი მთავარ პროკურორს, ასევე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს, მას დაცვა გამოუყოს, რადგან, მისი თქმით, მათ დაცვაზე ყველა ორგანომ უარი თქვა.

ბესო ხარძიანის და მაია ხარძიანი ძმისშვილების გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

"რას ლაპარაკობთ, სისულელეა, პირველად მესმის. ამ საკითხზე ტელევიზიით განცხადების გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვნახავ, მათ დაველაპარაკები, ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელია. რას ლაპარაკობთ, გაოგნებული ვარ. დიდი მადლობა, რომ გამაგებინეთ. მოვითმენ, ნუ გამასწრებინებთ მოვლენებს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი რა ვთქვა" - უთხრა ხარძიანმა რუსთავი 2-ს,

კომენტარები