თბილისის მერია

ნარმანია: გამჭვირვალე კონკურსით ავარჩევთ საუკეთესო პირობების მქონე ბანკს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერია საუკეთესო პირობების მქონე მომსახურე ბანკს გამჭვირვალე კონკურსით შეარჩევს.

"ეს აბსოლუტურად ღია კონკურსია და ნებისმიერ საბანკო დაწესებულებას, რომელიც საქართველოში 20-ზე მეტია, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და შემოგვთვაზონ თავისი პირობები. ჩვენ ამას ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალედ და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ გაეცნოს პირობებს. შესაბამისად, ავარჩევთ საუკეთესო პირობების მქონე ბანკს", - თქვა ნარმანიამ. 

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიის საბანკო კონკურსში ქართუ ბანკის გამარჯვებას ვარაუდობენ. ირაკლი აბესაძის თქმით, საბანკო მომსახურების კონკურსი სუბიექტურია და მორგებულია ქართუ ბანკზე. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ ამის საფუძველს იძლევა თავდაპირველად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლა და ხელახლა გამოცხადება, შედეგად კი, მერიის სისტემაში მომუშავე თანამშრომლებისთვის საბანკო პირობების გაუარესება. 

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შემცირებულია მერიის საბანკო ანგარიშზე რიცხულ ნაშთებზე დასარიცხი პროცენტი და 16%-ს ნაცვლად 6%-ია გათვალისწინებული, გარდა ამისა, მერიის სისტემის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ 100%-იანი ოვერდრაფტით და 300%-იანი სახელფასო სესხით. 

თბილისის მერიამ მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი 31 მარტს გამოაცხადა, რომელიც ჩაიშალა და 16 აპრილს ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. განმეორებითი კონკურსი 29 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები