თბილისის მერია

მერია: ხელშეკრულების შეცვლის მიზნით სითი პარკთან მოლაპარაკებებს ვიწყებთ

amerikiskhma.com

თბილისის მერია სითი პარკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებს. მერიის განცხადებით, მოლაპარაკებებზე ხელშეკრულებაში ოთხი ძირითადი ცვლილების შეტანის საკითხს დააყენებს.

"1. შეეზღუდოს „სითი პარკს“ ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არასწორად გაჩერებული მანქანა მოძრაობას ხელს არ უშლის. კომპანიას ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ იგი მოძრაობას შეაფერხებს; 2. შეიცვალოს შემოსავლების უთანასწორო განაწილების წესი, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქს შემოსავალს აკარგინებდა. აღნიშნული ცვლილება თბილისის ბიუჯეტს დამატებით თანხებს გაუჩენს, რითაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდება; 3. შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, რაც ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, თბილისის მერია აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთათვის დედაქალაქში პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით; 4. გაუქმდეს ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც წლების განმავლობაში სითი პარკს პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აღნიშნული ცვლილება ბაზარზე სხვა კომპანიების გაჩენის შესაძლებლობას შექმნის, კონკურენტული გარემო კი აღნიშნულ სფეროში სერვისს გააუმჯობესებს", - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, დედაქალაქის მთავრობას "კოლოსალური ჯარიმის" გადახდა მოუწევს.

"ეს ხელშეკრულების შესწავლის შემდეგ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - Ernst & Young-მაც დაადასტურა. ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერიას სითი პარკისთვის არანაკლებ 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხრივ კი, არ იზარალოს ქალაქმა, თბილისის მერია უახლოეს დღეებში კომპანიასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ხოლო მიღწეულ შეთანხმებებს გაასაჯაროებს. ვინაიდან საკითხი დელიკატურია, თბილისის მერია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში. დედაქალაქის მერია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისელთა ინტერესი სახეცვლილ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერს მოუწოდა, სითი პარკთან კონტრაქტი გაწყვიტოს. მან აღნიშნა, რომ დღეიდან თავის მომხრეებთან ერთად მერიასთან აქციების დაწყებას გეგმავს. ელისაშვილის თქმით, სითი პარკი თბილისის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 35 მილიონ ლარს იღებს, თუმცა ქალაქში პარკინგების მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. ელისაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ, კონტრაქტის მიხედვით, სითი პარკს თბილისში მუშაობის გაგრძელება მომავალი ათი წლის განმავლობაში უწევს.

კომენტარები