ე.წ. კაბელების საქმე

ალასანია კაბელების საქმეზე: საიდუმლო გრიფის დადებით აბსურდამდე მიდიან უკვე

თავისუფალი დემოკრატები

პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ საჩივარზე საიდუმლო გრიფის დადებას ეხმაურება. ალასანია თვლის, რომ ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას.

"ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც თავში უდგას ივანიშვილი. ის და მისი გუნდი ყალიბდება, პრაქტიკულად, როგორც მაფიოზური კლანი. ასევე წარმატებით შეუძლიათ, ნებისმიერი თემა გაასაიდუმლონ და საზოგადოებას აუკრძალონ ამაზე საუბარი. გაასაიდუმლონ ეკონომიკური კრიზისი, რომ არ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ეკონომიკაშია. აბსურდამდე მიდიან უკვე", - თქვა ალასანიამ.

საჩივარზე საიდუმლო გრიფის დადებას გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. მისი თქმით, თუ პროკურატურა თავის სიმართლეში დარწმუნებულია, საქმეში საიდუმლო არ უნდა იყოს.

"თუკი პროკურატურა დარწმუნებულია თავის სიმართლეში, მაშინ არაფერი ამ საქმეში საიდუმლო არ უნდა იყოს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ყველანარი ინფორმაცია იმისთვის, რომ საბოლოოდ შეექმნას შთაბეჭდილება ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს, კონკრეტული ინფორმაცია დაფაროს, რაც არ არის სწორი", - თქვა გიგაურმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კი, პროკურატურის ნაბიჯს საგანგაშოდ მიიჩნევს. მისი განცხადებით, ორგანიზაცია მოვლენებს თვალს მიადევნებს.

ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს საიდუმლო გრიფი დაადო. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. აღნიშნული პროკურატურამ გაასაჩივრა. დაცვის მხარე მოითხოვს, საჩივარს გრიფი მოეხსნას, რადგან, ადვოკატის მოსაზრებით, ეს პროკურატურის მანიპულაცია და იარაღია, დაფაროს უკანონობა.

თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები