კომუნალური ვაუჩერი

აბესაძე: 56 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს ვაუჩერი უუქმდება

ირაკლი აბესაძე
საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, "კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ 38 000 ოჯახი ისარგებლებს". მისი თქმით, 70 000-ზე მეტი ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 56 000 ოჯახს ვაუჩერი უუქმდებათ. ირაკლი აბესაძე საკრებულოს სხდომაზე აპირებს, დააყენოს საკითხი, რომ კომუნალური ვაუჩერი 70 000-ზე მეტი ქულის მქონეებსაც შეუნარჩუნდეთ. 

"კიდევ ერთი ორმაგი ტყუილი ქართული ოცნების – ნაცვლად ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებისა, ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზრდება. ასევე, დავით ნარმანიას დაპირება, რომ კომუნალური ვაუჩერების სისტემა, რომელიც ძველ სატარიფო სისტემაზე იყო მორგებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შენარჩუნდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა. 70 000 ქულაზე მეტის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუუქმდებათ კომუნალური ვაუჩერები. კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ 38 000 ოჯახი ისარგებლებს", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ სექტემბრიდან უკვე თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. სოციალურად დაუცველებისათვის ბიუჯეტიდან სუბსიდიის თანხები თბილისის მერიას უკვე აღარ აღმოაჩნდება. 

"შარშანდელთან შედარებით კომუნალური ვაუჩერის გაცემის ჯამური ბიუჯეტი წელს 8 მილიონით არის შემცირებული. კვარტალში თბილისის მერიამ კომუნალური ვაუჩერებისათვის უკვე დახარჯა 28 მილიონი და ბოლო ორ თვეზე 8 მილიონი ლარი დარჩა. ასე რომ, თბილისის მერიას თანხებიც კი არ გააჩნია, რომ 70 000-ზე მეტი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერით უზრუნველყოს", - თქვა აბესაძემ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ თბილისელებს ტარიფების ზრდის შედეგად არსებულ ნამატს თბილისის მერია სრულად დაუფარავს. 

"ჩვენ კომუნალური ვაუჩერები გავაორმაგეთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებზე. ამ კატეგორიის მოქალაქეებს იმ ნამატსაც, რომელიც იქნება ტარიფების ზრდის შედეგად, თბილისის მერია სრულად დაუფარავს", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ გასცემენ ვაუჩერებს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

კომენტარები