კახა კალაძე

კალაძე: ბიზნესის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ

ფასადებზე ქართული წარწერების არ გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს ვაწყდებით დედაქალაქში. მე ამაზე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და ძალიან მკაცრები ვიქნებით. დღესვე დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, მისცენ გონივრული ვადა ყველა მესაკუთრეს, რომ რაღაც დროის განმავლობაში ცვლილებები იქნეს განხორციელებული. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, არავის ვერჩით, ყველას აქვს უფლება და საშუალება, ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას უნდა ვცეთ პატივი. ეს ყველაფერი არის კანონმდებლობით განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციები არის საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით ასევე პარლამენტს. ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთიმას, რაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ჩვენს საკუთარ ენას უნდა ვცეთ პატივი.

თბილისის მერმა ეს განცხადება ახვლედიანის ქუჩის დათვალიერებისას გააკეთა. კალაძე მერობის კანდიდატობის დროსაც აცხადებდა, რომ მისთვის გულდასაწყვეტია, როცა "რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები". ცნობისთვის, საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ არეგულირებს იმას, რომ დაწესებულებებსა თუ სხვა საჯარო სივრცეებზე წარწერა მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

კომენტარები