ჯობსის გარდაცვალება

ბარაკ ობამამ მწუხარება გამოთქვა სტივ ჯობსის გარდაცვალების გამო

ამერიკელი ენტერპრენერი და გამომგონებელი, Apple-ისა და Pixar Animation Studio-ს დამაარსებელი, სტივ ჯობსი 5 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2004 წლიდან ის კიბოთი იყო დაავადებული.

Apple-ის მთავარ ოფისთან ფანებმა ყვავილები და თანაგრძნობის ბარათები მიიტანეს. მის სიკვდილს ტექნოლოგიური სამყაროს ლიდერებიც გამოეხმაურნენ. Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ჯობსთან მუშაობა მისთვის დიდი სიამოვნება იყო და ძალიან მოენატრება. როგორც Microsoft-ის და Apple-ის დამაარსებლებმა, ჯობსა და გეიტსმა დიდი წვლილი შეიტანეს პერსონალური კომპიუტერების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 

Facebook-ის შემქმნელმა მარკ ზაკერბერგმა ჯობს თავისი მენტორი უწოდა და ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა. ლარი პეიჯმა, Google-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, თავის განცხადებაში ჯობს მადლობა გადაუხადა მისი შთაგონებისთვის. ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადეს Youtube-ის და HP-ის ხელმძღვანელებმაც.

სტივ ჯობსის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.  მან ჯობსს დიდი ამერიკელი ნოვატორი უწოდა .

კომენტარები