ყოფილი მაღალჩინოსნების ცემა

ლაშა ბრეგვაძის ცემაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

#17 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა ბრეგვაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების გიორგი ჩხეიძის, ლევან კვარაცხელიასა და გიორგი გუდაძის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ითხოვდნენ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოეყენებინა, ალტერნატივად კი, ადვოკატები 3000-3000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. ხოლო პროკურატურამ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ სამივე ბრალდებულს - მიმალვის საფრთხიდან გამომდინარე - უნდა შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა.

პროკურორ დავით ხვედელიძის შუამდგომლობაზე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი 12 ოქტომბერს მოხდა, ისინი კი, 16 ოქტომბერს დააკავეს. აქედან გამომდინარე, მათი თქმით, მიმალვისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა ამის მცდელობაც კი არ ჰქონიათ. სამივე ბრალდებულის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია და მომავალში აღარ გაგრძელდება.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა 3 დეკემბერს, 12.00 საათზე გაიმართება. მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავის #17 ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით სამი პირი 16 ოქტომბერს დააკავეს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით კი, "ციხის ყოფილ უფროსს კრიმინალები გაუსწორდნენ". ამასთან, როგორც აკაკი მინაშვილმა 16 ოქტომბრის ბრიფინგზე თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ ფაქტის გახმაურებამდე, შსს ცდილობდა ბრეგვაძის ოჯახის დარწმუნებას, რომ ცემის ფაქტზე არ ესაუბრათ.

"ისე სცემეს, რომ მან ექვსჯერ დაკარგა გონება და აქვს ძალიან სერიოზული დაზიანებები. ცემის მთავარი მიზანი იყო, ლაშა ბრეგვაძეს ეგინებინა ბაჩო ახალაიასთვის. ასევე, უმეორებდნენ, რომ ყველას, ვინც იბრძოდა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, იგივე ბედი ეწეოდა და "სისხლს დაანთხევინებდნენ" ყველას, ვინც თავის დროზე გაუსწორდა კრიმინალურ სამყაროს და ორგანიზებულ დანაშაულს", - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები