კულტურის პალატა

ღონისძიება "სტუდენტების შეხვედრა საპატიო თბილისელებთან" დღეს აღარ ჩატარდება

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის ცნობით, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და კულტურის პალატის ერთობლივი ღონისძიება "სტუდენტების შეხვედრა თბილისის საპატიო მოქალაქეებთან" დროებით გადაიდო. 

დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ ღონისძიებამ პოლიტიკური სახე მიიღო და მას არ სურდა, "რომ სტუდენტები, სტუდკავშირი გალანძღულიყო".

"მე ოფიციალური წერილი შევიტანე მერიაში, იქ წერია, რომ ამ ღონისძიებამ მიიღო პოლიტიკური [სახე], ჩვენ არ გვინდა, რომ ვასოცირდებოდეთ და იარლიყი მიაწეპონ, რომ ეს არის პოლიტიკური ღონისძიება, ამიტომ არჩევნების მერე გადავიტანეთ. აი, თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდით, ეს რომ ყოფილიყო საარჩევნოდ დაგეგმილი ღონისძიება, ვინ გადადებდა? არავინ. მე არ მინდა, რომ სტუდენტები, სტუდკავშირი ჩვენ გამო გაილანძღოს,"- ამბობს ოქიტაშვილი. 

მისივე თქმით, ღონისძიება იქნება უფრო პომპეზური, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი და მასში მონაწილეობას თბილისის მომავალი მერიც მიიღებს. 

კულტურის პალატისა და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, დღეს თსუ-ის მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში "თბილისის საპატიო მოქალაქეები" სტუდენტებს უნდა შეხვედროდნენ. ღონისძიების აღწერაში ჩამოთვლილ ადამიანებს შორის, ბევრი ქართულ ოცნებას ღიად უჭერს მხარს და 2016 წლის ივნისში პარტიის ახალი სახეების წარდგენაზეც კი იყვნენ საპატიო სტუმრის სტატუსით. 

ამასთან დაკავშირებით, ტაბულა დაუკავშირდა კულტურის პალატის პრეზიდენტს დავით ოქიტაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ "რა ვქნათ? თბილისის საპატიო მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს კალაძეს უჭერს", თუმცა ღონისძიება პოლიტიკური აგიტაცია არ იქნება, რადგან იქ მაცაცო სებისკვერაძეც მიიღებდა მონაწილეობას, რომლის შვილიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარიკა გერსამიაა.

მოგვიანებით, მაცაცო სებისკვერაძემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ოქიტაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ის არსად არ მიუწვევიათ და არც წასვლას აპირებდა. 

კომენტარები