ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

გირჩის ახალი თავმჯდომარე იაგო ხვიჩია იქნება

ტაბულა

გირჩის ახალი თავმჯდომარე იაგო ხვიჩია იქნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ დელეგატებმა დღეს გამართულ პარტიულ ყრილობაზე მიიღეს, რომელიც მწვადებისა და ელექტრონული მუსიკის ფონზე ჩატარდა.

"პარტიის თავმჯდომარე აქამდე ვიყავი მე, მაგრამ 2 თვეა უკვე ვადა გასული მაქვს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ მე ვიყო სულ თავმჯდომარე. ჩემი წინადადება იყო ახალი თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილიყო, რაზეც გირჩში ყველა დამეთანხმა, ამ მძიმე ტვირთს ცოტა ხანი ის ატარებს", - განაცხადა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ.

ყრილობაზევე დამტკიცდა პარტიის პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობას. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, მარიტა რატიანი.

სარევიზიო კომისიის წევრები: ლევან ჯგერენაია, ანა გვარიშვილი, ნიკა ობოლაძე.

პარტიის ახალი თავმჯდომარის განცხადებით, გირჩის სამომავლო გეგმები არ იცვლება.

"გირჩის გეგმები იქნება ისეთი, როგორსაც თქვენ გადაწყვეტთ საბოლოო ჯამში და მე აქ დღეს ვხედავ ისეთ საზოგადოებას, რომ ამ გეგმების გადახვევას ვერ გაბედავს გირჩის ვერცერთი თავმჯდომარე. ამიტომ, ამ ფორმალობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მე ვრჩები იმად, ვინც ვიყავი",- ამ სიტყვებით მიმართა ხვიჩიამ ყრილობაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

კომენტარები