2018 FIFA world cup

უკრაინის "დიდებისთვის" ხორვატი ფეხბურთელის მიმართ FIFA-მ გამოძიება დაიწყო

EPA

FIFA დომაგოი ვიდას მიერ გავრცელებულ ვიდეოს იძიებს, რომლითაც ხორვატი ფეხბურთელი უკრაინას "ადიდებს". 

ვეტერანმა ხორვატმა ფეხბურთელმა, ოგნენ ვუკოევიჩმა, რომელიც ახლა კიევის დინამოს აგენტია, დომაგოი ვიდასთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფეხბურთელები ამბობენ:  

"დიდება უკრაინას. ეს გამარჯვება ეძღვნება დინამოს და უკრაინას". 

ვიდა და ვუკოევიჩი წარსულში ერთად თამაშობდნენ კიევის დინამოში. 


FIFA-ში არ ამბობენ, კონკრეტულად რას გულისხმობს გამოძიება. 

"FIFA სწავლობს მტკიცებულებებს ვიდას ამ მესიჯთან დაკავშირებით. გთხოვთ, გაგვიგოთ, სანამ ყველა ინფორმაციას არ მოვიპოვებთ, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - უთხრა ფეხბურთის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელმა სააგენტო AP-ს

დომაგოი ვიდამ გუშინ, 7 ივლისს, რუსეთის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა. ხორვატიის ნაკრებმა გაიმარჯვა, შედეგად რუსეთი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს გამოეთიშა. 

ფიფას გადაწყვეტილება გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიების დაწყების შესახებ უკრაინელები და კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რუსეთში ჩატარებული ტურნირი ამ ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნების ოკუპაციის, აგრესიის და ადამიანის უფლებების დარღვევის დაფარვას ემსახურება. 

რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა, მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა კი 2014 წლიდან დღემდე 10 ათასზე მეტი ადამიანი დახოცეს. ამის გამო დასავლეთმა რუსეთს მრავალი სანქცია დააკისრა. 

დომაგოი ვიდამ რუსულ გაზეთს, Sport Express-ს მის ამ მესიჯზე კომენტარი მისცა და თქვა, რომ მესიჯი პერსონალური იყო და პოლიტიკა არაფერ შუაშია. 

"ფეხბურთში პოლიტიკა არ არის. ეს არის ხუმრობა ჩემი მეგობრებისთვის კიევის დინამოდან. მე მიყვარს რუსები და მე მიყვარს უკრაინელები", - თქვა ვიდამ  Sport Express-ის ცნობით. 

რუსული პრესა ასევე აქვეყნებს რუსი თანამდებობის პირების კომენტარებს, რომლებიც ვიდას ვიდეოს შინაარსს გმობენ და ამბობენ, რომ ფეხბურთელი უნდა დაისაჯოს. მაგალითად, დუმას დეპუტატმა, დმიტრი სვიშინოვმა თქვა, რომ "მსოფლიო ჩემპიონატზე პოლიტიკური, ნაციონალისტური და რასისტული სლოგანები არ უნდა კეთდებოდეს". 

კომენტარები