თავდასხმა ცოტნე გამსახურდიაზე

გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, დაპირისპირება დაკავებულ პირებსა და გამსახურდიას შორის სუფრაზე დაიწყო, სადაც ისინი ერთად იმყოფებოდნენ. ჩომახაშვილი უარყოფს, რომ დანაშაული პოლიტიკურ მოტივზეა ჩადენილი.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სუფრაზე მოხდა თავდაპირველი სიტყვიერი დაპირისპირება. იქიდან, რომ ბრალის დადგენილებაში ბრალდების მხარის მხრიდან მითითებულია, რომ აღნიშნული პირები სუფრაზე ერთად იმყოფებოდნენ და ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. დეტალები არ ვიცი, თუმცა როგორც პოლიციელებისგან და ჩემი ბრალდებულისგან ჩემთვის არის ცნობილი, ეს არ ყოფილა პოლიტიკურ მოტივზე ჩადენილი ქმედება. ეს იყო პირადი დაპირისპირების მოტივი",-ამბობს ადვოკატი ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ადვოკატის თქმით, როგორც მისთვის სხვადასხვა წყაროდან ცნობილი გახდა, ცოტნე გამსახურდია და დაკავებული პირები შორიდან იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან, "წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ სუფრაზე ვერც მოხვდებოდნენ". მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ცოტნე გამსახურდიას უახლოესი მეგობარია.  

ირაკლი ჩომახაშვილის დაცვის ქვეშ მყოფს დღეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს. ადვოკატის ინფორმაციით, ის ბრალს აღიარებს. ამავე მუხლით წარუდგინეს ბრალი კიდევ ერთ პირს. დაკავებულებიდან სამ პირს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინა.  

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს. ის გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

კომენტარები