მიხეილ კალანდიას საქმე

სააპელაციო სასამართლომ კალანდიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა

რუსთავი2

სააპალეაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ კალანდიას ადვოკატის სააპელაციო საჩივარი და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ კალანდიას მიმართ, 25 თებერვალს, საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

მიხეილ კალანდიას 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით კი, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და სასჯელის საბოლოო სახედ 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში, ზაზა სარალიძის ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დააკავეს. იქამდე კალანდია მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო. მის დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 2018 წლის 5 სექტემბერს მოითხოვდა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობისთვის კიდევ ორი ადამიანია დაკავებული. 28 იანვრის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჯანაშია აქედან 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი - პირობითად ჩაეთვლება. ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა - მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს.

კომენტარები