საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკავებულ კარტოგრაფებს თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ მშვენიერაძე Facebook-ზე წერს.
"მათ, ვისაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბედი გაღელვებთ (და ვიცი, რომ ბევრს გაღელვებთ), მწერალი ხართ თუ ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი თუ ჟურნალისტი, მღვდელმსახური თუ მომღერალი, სპორტსმენი თუ საჯარო მოხელე, ა.შ. და ა.შ.
უახლოეს დღეებში სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა. ჩვენ, ადვოკატები ვაპირებთ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოვითხოვოთ, ხოლო თქვენ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ ამ ადამიანებს.
ვინც თავდებობას გადაწყვეტთ, ედუარდ მარიკაშვილს უნდა მიწეროთ, ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად.
მადლობა წინასწარ". – წერს მშვენიერაძე.
________________
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.
დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
როგორია დავითგარეჯის საქმის ანატომია და სად გადის საქმის ნაკერები
- დავითგარეჯის საქმის გამომძიებელი თავადაც გამოძიების ქვეშაა?
- "აზერბაიჯანმა რუკის გამოყენება შეუძლებლად მიიჩნია" – სამინისტროს თანამშრომლის ჩვენება
- ხიდაშელის ჩვენება: ივანიშვილი თუ ბეჟან მაისურაძე? — ვინ სთხოვა ხიდაშელს რუკის მოძიება
- რას ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: "რომ არა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება"
- რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავით-გარეჯის რუკები სახელმწიფოს გადასცა
- მელაშვილი: ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია
- ილიჩოვა: დიდი ხანია კომისიაში ვართ, კანონის წინააღმდეგ ერთი ქმედებაც არ განგვიხორციელებია