საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ინტერესების დამცველია, დოკუმენტებს აქვეყნებს.
დოკუმენტების მიხედვით, ნატალია ილიჩოვას, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ქვეყნის ღალატში სდებს ბრალს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის მოქმედ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს დაჯილდოებული მადლობის სიგელით, ხოლო "უმწიკვლო სამსახურისთვის" სამკერდე ნიშნით კი, მოქმედ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას.
"ნუთუ, ოდნავ მაინც არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რასაც ახლა ამ ადამიანს უკეთებენ?". – წერს გიორგი მშვენიერაძე.
30 ნოემბერს, 214 თავდების მიუხედავად, სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.
პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".
საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დასდგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
- "ველოდებოდი, კარი გაიღებოდა და მეტყოდნენ, რომ თავისუფალი ვიყავი" – ნატალია ილიჩოვას წერილი
- როგორია დავითგარეჯის საქმის ანატომია და სად გადის საქმის ნაკერები
- დავითგარეჯის საქმის გამომძიებელი თავადაც გამოძიების ქვეშაა?
- "აზერბაიჯანმა რუკის გამოყენება შეუძლებლად მიიჩნია" – სამინისტროს თანამშრომლის ჩვენება
- ხიდაშელის ჩვენება: ივანიშვილი თუ ბეჟან მაისურაძე? — ვინ სთხოვა ხიდაშელს რუკის მოძიება
- რას ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: "რომ არა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება"
- რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავით-გარეჯის რუკები სახელმწიფოს გადასცა
- მელაშვილი: ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია
- ილიჩოვა: დიდი ხანია კომისიაში ვართ, კანონის წინააღმდეგ ერთი ქმედებაც არ განგვიხორციელებია