აიისას საქმე

მარიკაშვილი ALT-INFO-ზე: კონტექსტის გათვალისწინებით, ეს მუქარაც არის და ძალადობის ორგანიზებაც

ედუარდ მარიკაშვილი/ანანია გაჩეჩილაძე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე და იურისტი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ ალტ-ინფოს წევრების მიერ ჯგუფის ტელეგრამ-არხში გაკეთებული განცხადებები და ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზება ცალსახად უნდა იყოს გამოძიებული. მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ კონტექსტისა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გამოძიებამ უსაფრთხოების, ფიზიკური ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით უნდა დაიწყოს ეფექტიანი რეაგირება.

"​ცალკე აღებული ეს ფაქტი, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკმარისია, რომ ვისაუბროთ რეალურ საფრთხეზე ანანია [გაჩეჩილაძის] მიმართ. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ კონტექსტს და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ეს განცხადებები და მესიჯები ცალსახად უნდა გახდეს გამოძიების სფერო.

ჩვენ ვუყურებთ, რომ ალტ-ინფო და მისი მხარდამჭერები რეალურად ყალიბდებიან ძალადობრივ ორგანიზაციად, დაჯგუფებად, რომლისთვისაც უკვე მიუღებელია არა მხოლოდ პრაიდი და მისი ჩატარება, არამედ ყველაფერი დასავლური და ის ღირებულებები, რის გარშემოც შეიძლება მშვიდობიანი საზოგადოება და ტოლერანტული საზოგადოება გაერთიანდეს.

ამიტომ ყველა ამ მიმართულებით, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ინდივიდუალური უფლებების და ფიზიკური ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით გამოძიებამ უნდა დაიწყოს ეფექტიანი რეაგირება." – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი ტაბულასთან საუბრისას.

იურისტი გამოყოფს მუქარის ორ, ობიექტურ და სუბიექტურ ასპექტს და აღნიშნავს, რომ გარე დამკვირვებლის თვალითაც ლტ-ინფოს განცხადებები და მოწოდებები არის მუქარაც და ძალადობის ორგანიზებაც.

"მუქარას აქვს ორი ასპექტი: ეს არის ობიექტური და სუბიექტური ასპექტი. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავად ადრესატმა აღიქვას ეს ყველაფერი რეალურ საფრთხედ. თუმცა, ჩემი, როგორც მესამე პირის, გარე დამკვირვებლის, თვალით, სრული ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს მუქარაც არის და ძალადობის ორგანიზებაც." – ამბობს მარიკაშვილი.

პუტინისტური მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს. ისინი არხზე ანანია გაჩეჩილაძის ადგილსამყოფელს ავრცელებენ და წევრებს მოწოდებებით მიმართავენ: "ვინც ხართ, თქვენ იცით".

გავრცელებულ მოწოდებებს გამოეხმაურა ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც ფაქტს 5-6 ივლისის გაგრძელებად მიიჩნევს.

"ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ. ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10-წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი.

სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია. 2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწლოვანი ვიყავი მაშინ და კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა". – წერს გაჩეჩილაძე.


აიისამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისადა გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

კომენტარები