ნიკოლოზ ბასილაშვილი

პროკურორი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეფასდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას აუცილებელად გაასაჩივრებს.

გურულის თქმით, სასამართლომ "ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა".

"მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, მიმაჩნია რომ სასამართლომ გარკვეულწილად - ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა. ბრალდების მხარე, როგორც ავღნიშნე კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, ბუნებრივია ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს და წერილობით არაგუმენტაციას, სანახევროდ მოსამართლის არგუმენტაცია მოვისმინეთ, რასაც ასევე არ ვიზიარებთ და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს". - თქვა გურულმა.

დღეს, 21 ოქტომბერს, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გაამართლა, შემდეგ კი გადაწყვეტილება განმარტა, სადაც ისიც თქვა, რომ დაცვის მხარემ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე არც ამ გარემოებას ეთანხმება.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოს არგუმენტირებული პოზიცია მოვახსენეთ, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლომ ობიექტურ მტკიცებულებებს გარკვეულწილად სუბიექტური შეფასება მისცა და ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა". - თქვა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმე 2020 წლიდან მიმდინარეობდა. ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებს ბრალს. ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფს - მისი ოჯახის განცხადებით, "არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა".   

ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

როგორც ნელი დოროყაშვილი ყვებოდა, ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად მაშინ იძალადა, როდესაც შვილს წასაყვანად მიაკითხა - დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩოგბურთელი მას ფიზიკურად ბავშვის თვალწინ გაუსწორდა. მისივე თქმით, კონფლიქტში ბასილაშვილის მამაც ჩაერთო და მას და ბავშვს "დიდტარიანი საგნით" გაეკიდა.

2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. 24 მაისს სასამართლომ მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - ბასილაშვილმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა.  

მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.   

კომენტარები