ნიკოლოზ ბასილაშვილი

მოსამართლე: დოროყაშვილმა, მისი თქმით, ძალადობის ფარული ვიდეო 2 წლის შემდეგ წარადგინა

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების განმარტებისას ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთ ეპიზოდზე ილაპარაკა, სადაც ნელი დოროყაშვილის ჩვენების მიხედვით აშშ-ში სასტუმროში ყოფნისას ყოფილი ქმარი მასზე 1 - 1.5 საათის განმავლობაში ძალადობდა, შემდეგ კი დაახლოებით 20-კილოიანი ჩანთა ჩაარტყა.

"პირველი ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი ბრალის დადგენილების მიხედვით შეეხება ამერიკის ეპიზოდს, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 28 აგვისტოთი და ის ეპიზოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიმართლე გითხრათ, სასამართლოს საწყის ეტაპზე ჰქონდა მოლოდინი რომ ის იყო ის ეპიზოდი, სადაც ალბათ ყველაზე მეტი მტკიცებულება ობიექტურად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ნელი დოროყაშვილის ჩვენებიდან გამომდინარე. 

დოროყაშვილი გვიყვება შემდეგს: 2018 წლის 28 აგვისტოს იმყოფებოდა აშშ-ში მეუღლესთან ერთად, ცხოვრობდნენ ერთ-ერთ სასტუმროში. გვიან ღამით ნიკოლოზ ბასილაშვილის მოდის სასტუმროს ნომერში, მას აყენებს ფიზიკურ ძალადობას და ეს ფიზიკური ძალადობა ხორციელდება 1 - 1.5 საათის განმავლობაში. დაზარალებული ამბობს, რომ ამ ფიზიკური ძალადობის დროს მეუღლემ თმებით ითრია ნომერში, მათ შორის იატაკზეც, ასევე დაზარებული ბრძანებს, რომ ამ 1 - 1.5 საათის განმავლობაში ძალადობა ხორციელდება ხელებითა და ფეხები, ანუ ათრევენ თმებით და ძალადობენ ხელებითა და ფეხებით. დაზარებული ბრძანებს, რომ ამ 1 - 1.5 საათის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, განვირდებოდი ამ სიტუაციას, ჩავწექი საწოლში და ვიფიქრე, რომ საწოლში ჩაწოლის შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი თავს დამანებებს. თუმცა, პარალელურად იქვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ განახორციელოს ფარული ვიდეოჩანაწერი". - მოყვა მოსამართლემ.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას თქმით, სასამართლოს გაუჩნდა გონივრული მოლოდინი, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერს დოროყაშვილის ამერიკის პოლიციის განყოფილებაში მიიტანდა.

"თუ მსხვერპლი ჩანაწერს აკეთებს, რათა შექმნას მტკიცებულება, რომელიც უნდა წარადგინოს პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის დასაშვები კერძო პირის მიერ ფარულის ვიდეოჩანაწერის გაკეთება, თუმცა ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ასე არ მოხდა. დაზარალებული, რომელიც ბრძანებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ განეხორციელებინა ფარული ვიდეოჩაწერა, ამ ჩანაწერის დროს, როგორც დაზარალებული ბრძანებს, გრძელდება ძალადობა, გაბრაზებული ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს სასტუმროს ნომერი, თუმცა იქამდე, დაახლოებით 20 კილო ჩანთას, რომელშიც მოთავსებულია ერთ ათეულზე მეტი ჩოგნები, ამით დატვირთულ ჩანთას არტყამს სხეულზე და მოსამართლეს აჩვენა, ხელებით მაჩვენა - მარჯვენა მხარე, თავიდან დაწყებული თითქმის ბოლო კიდურამდე. ბრძანა თავი, სახის არე, ყელი, გულმკერდი.

შესაბამისად, სასამართლოს გაუჩნდა სამართლებრივად გონივრული მოლოდინი, რომ თვითდახმარების მიზნით ფარულის ვიდეო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ნელი დოროყაშვილი წავიდოდა ამერიკაში, პოლიციის განყოფილებაში და ამ ჩანაწერს წარმოადგენდა სწორედ აშშ-ს პოლიციის განწყოფილებაში. მაგრამ ვხედავთ რას, ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება ორი წლის შემდეგ, საქართველოში, ანუ სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა" - თქვა მოსამართლემ.

დღეს, 21 ოქტომბერს, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გაამართლა, შემდეგ კი გადაწყვეტილება განმარტა, სადაც ისიც თქვა, რომ დაცვის მხარემ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

საქმის პროკურორის, ნათია გურულის თქმით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას აუცილებელად გაასაჩივრებს. გურული ასევე ამბობს, რომ ისინი არ ეთანხმებიან არც იმ გარემოებას, რომ ბასილაშვილს დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა მიადგა.

განაჩენს გამოეხმაურა ნიკოლო ბასილაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ ელოდა სამართლიან გადაწყვეტილებას და ძალიან გახარებულია, ნელი დოროყაშვილმა კი დაწერა, რომ სამართლიანობისთვის იბრძოლებს და ამას ყველა იმ ქალისთვის გააკეთებს, რომლებზეც ძალადობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმე 2020 წლიდან მიმდინარეობდა. ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებს ბრალს. ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფს - მისი ოჯახის განცხადებით, "არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა".   

ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

როგორც ნელი დოროყაშვილი ყვებოდა, ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად მაშინ იძალადა, როდესაც შვილს წასაყვანად მიაკითხა - დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩოგბურთელი მას ფიზიკურად ბავშვის თვალწინ გაუსწორდა. მისივე თქმით, კონფლიქტში ბასილაშვილის მამაც ჩაერთო და მას და ბავშვს "დიდტარიანი საგნით" გაეკიდა.

2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. 24 მაისს სასამართლომ მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - ბასილაშვილმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა.  

მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.   

კომენტარები