ნიკოლოზ ბასილაშვილი

სააპელაციომ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა. სააპელაციომ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.

ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

2022 წლის 21 ოქტომბერს, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმის ხუთივე ეპიზოდში გაამართლა, შემდეგ კი გადაწყვეტილება განმარტა, სადაც ისიც თქვა, რომ დაცვის მხარემ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმე 2020 წლიდან მიმდინარეობდა. ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებს ბრალს. ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

როგორც ნელი დოროყაშვილი ყვებოდა, ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად მაშინ იძალადა, როდესაც შვილს წასაყვანად მიაკითხა. დოროყაშვილის თქმით, ჩოგბურთელი მას ფიზიკურად ბავშვის თვალწინ გაუსწორდა. მისივე თქმით, კონფლიქტში ბასილაშვილის მამაც ჩაერთო და მას და ბავშვს "დიდტარიანი საგნით" გაეკიდა.

2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. 24 მაისს სასამართლომ მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა. მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა

კომენტარები