პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

300-ზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილი ამოვიღეთ, 7 პირი დავაკავეთ — საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღეს, დანაშაულში 14 პირი ამხილეს, მათგან 7 კი დააკავეს.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ, ქალბატონის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ სოციალურ ქსელ TIK TOK-ზე განათავსა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მეორე შემთხვევაზეც წერს, როდესაც მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალის Facebook გვერდზე უნებართვოდ შეაღწია, სხვისთვის გაგზავნილი შიშველი სხეულის ამსახვალი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები გადმოიწერა და დაზარალებულის ახლობლებს გაუგზავნა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დაკავებული იქნა ქ. რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ტ-მ, 2000 წელს დაბადებული ქალის FACEBOOK-ის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. 2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს, გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე, საჯაროდ FACEBOOK-ის გვერდზე განათავსა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წერს, რომ "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა".

კომენტარები