სომხეთი-რუსეთი

სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემები აკრძალეს

კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი

სომხეთში რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ჩვენება აკრძალეს. ქვეყანაში ტელეარხ РТР-Планета-ზე გასული "საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან" და "კვირის საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან" დაიბლოკება. ამის შესახებ გამოცემა РБК-სთან სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ, ავეტ პოგოსიანმა ისაუბრა. 

პოგოსიანის თქმით, აკრძალვა "რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის მასობრივი ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე მიიღეს. 

შეთანხმების მე-5 მუხლი "ერებისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი პროგრამების გამონაკლისს" და "წინასაარჩევნო კამპანიასა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის გამონაკლისს" ითვალისწინებს. მე-6 მუხლი კი "ეროვნული ზეიმებისა და სამახსოვრო თარიღების დროს წესების პატივისცემას" და "საომარ და საგანგებო მდგომარეობაში საერთო წესების დაცვას" ეხება. 

მანამდე, 2022 წლის მარტიდან Youtube-ზე სოლოვიოვის საავტორო არხები პლატფორმის გამოყენების წესების დარღვევის გამო დაბლოკეს.

ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. ორგანიზაცია უმოქმედოდ შეხვდა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებსაც. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეუერთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.

კომენტარები