ავსტრალია

საგარეო საქმეთა სამინისტრო სიდნეიში ტერაქტისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

ტერაქტი სიდნეიში
NYT

საგარეო საქმეთა სამინისტრო სიდნეიში ტერაქტის დროს საქართველოსა და ავსტრალიის მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია საგარეო უწყებამ მიაწოდა. 

"ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს და ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის.

ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები" - უთხრეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ქმედების მოტივი პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია. სიდნეის პოლიციას ეს თავდასხმა ტერორიზმთან ჯერ არ დაუკავშირებია. 

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი შემთხვევის დღეს სავაჭრო ცენტრში ორჯერ იმყოფებოდა, მეორედ დანით შეიარაღებული თავდამსხმელი ძალიან მშვიდად გადაადგილდებოდა. 

"ისე დადიოდა, თითქოს პარკში ნაყინს ჭამდა" - თქვა თვითმხილველმა კაცმა. 

კომენტარები