ავსტრალია

სიდნეიში ქადაგების დროს ეპისკოპოსი დანით შეიარაღებულმა პირმა დაჭრა

სიდნეის ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში ხალხი დაჭრა. პოლიციამ მომხდარზე ერთი კაცი დააკავა.

ქადაგება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება დანით შეიარაღებული თავდამსხმელი ეპისკოპოსს მარ მარი ემანუელს და ცივი იარაღით რამდენჯერმე ჭრილობას აყენებს.

Sky News-ის ცნობით, სულ დაჭრილია ოთხი ადამიანი, თუმცა მიყენებული ჭრილობები მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენ სამს სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ეს ავსტრალიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც დანით შეიარაღებული პირი ხალხს დაესხა თავს.

მანამდე, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ქმედების მოტივი პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია. სიდნეის პოლიციას ეს თავდასხმა ტერორიზმთან ჯერ არ დაუკავშირებია. 

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი შემთხვევის დღეს სავაჭრო ცენტრში ორჯერ იმყოფებოდა, მეორედ დანით შეიარაღებული თავდამსხმელი ძალიან მშვიდად გადაადგილდებოდა. 

მოგვიანებით, ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, რომ ტერაქტის დროს საქართველოსა და ავსტრალიის მოქალაქე დაიღუპა.

"ქართული მხარისთვის ცნობილია სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს და ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის.

ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები" - უთხრეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები