რუსული კანონი

ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ (ონლაინმედიების წარმომადგენლები)

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღეს, 16 აპრილს რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში შესვლა ვიზიტორებს შეეზღუდებათ.

პარლამენტში დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე' საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. 

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა". - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული შეზღუდვა გუშინ, 15 აპრილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზეც მოქმედებდა, თუმცა, პარლამენტის იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამტკიცებდა, რომ ტყუილი იყო, თითქოს ონლაინმედიებს პარლამენტში არ უშვებდნენ.

კომენტარები