მიხეილ ჩინჩალაძე

TI: ჩინჩალაძემ 2010-2013 წლებში 0 საქმე განიხილა და 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. ორგანიზაცის ინფორმაციით, 16-წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ ჩინჩალაძეს არცერთი საქმე არ განუხილავს, თუმცა, 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო.

"ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის ამ მიზეზით, საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 

დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ. მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილული საქმეების საშუალო მაჩვენებელი 273 იყო.

მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ე.წ. კლანის ხელმძღვანელი და აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლეა. 

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს, რასაც სასამართლო კლანი და ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება. არადა, ეს შემოწმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება" - წერს TI.

2023 წლის აპრილში აშშ-მ "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, აშშ-ს საელჩოს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართოს.

"საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ". - თქვა მდინარაძემ.

15 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გამოძიება ჩაატარონ.

"სამი სანქცია, რომლებიც ახსენეთ, დაწესდა, რათა ხელი შეეწყოს იმ ბოროტმოქმედთა პასუხისგებას, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და ძირს უთხრიდნენ კანონის უზენაესობისა და საქართველოს საზოგადოებაში იურიდიული სისტემის რწმენას. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისგების ხელშეწყობის მიზნით." – თქვა მილერმა ბრიფინგზე.

ბრიფინგზე ჟურნალისტმა მილერს ჰკითხა, მას შემდეგ, რაც მან გასულ კვირაში ქართველ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, რომ სანქცირებულ 4 მოსამართლეზე გამოძიება დაეწყოთ, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

კომენტარები