რუსეთი-ირანი

WP: რუსეთმა ირანს შესაძლოა Су-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიჰყიდოს

Су-35  
Shutterstock

The Washington Post-ი გაჟონილ ფაილებსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანისა და რუსეთის სამხედრო დაახლოების ფონზე, მოსკოვმა თეირანს შესაძლოა Су-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გადასცეს.

როგორც მედია ხაზს უსვამს, მარტში რუსმა იარაღის მწარმოებლებმა მოიწვიეს 17-კაციანი დელეგაცია ირანიდან და გააცნეს ტექნიკა, რომლის შეძენაც შეეძლოთ.

საწარმო, რომელშიც დელეგაცია იმყოფებოდა, არის სამეცნიერო-საწარმოო კომპანია სტარტი, რომელიც ქალაქ ეკატერინბურგში მდებარეობს და სანქცირებულია აშშ-ს მიერ. სხვადასხვა ტექნიკასთან ერთად აქ მზადდება რუსული თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც თეირანს ისრაელისგან თავდასაცავად სჭირდება.

თებერვალში, ჰაკერების ჯგუფის დახმარებით, გაიჟონა ირანელი მაღალჩინოსნების ელექტრონული წერილები, რომლებშიც ზემოხსენებულ ტურთან დაკავშირებით ეწერა, რომ ვიზიტის მიზანი იყო ეჩვენებინათ, რა "სამეცნიერო და ტექნიკურ პოტენციალსა და წარმოების შესაძლებლობას" სთავაზობს მოსკოვი თეირანს. უცნობია, ვიზიტი დასრულდა თუ არა პირდაპირი შეძენებით.

მედიასთან ექსპერტებმა აღნიშნეს, რომთანამშრომლობით კარგად სარგებლობენ ირანიც და რუსეთიც, რომელსაც თეირანმა უკრაინასთან ომისთვის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. თეირანთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ამ ალიანსში მათი წონა გაიზარდა.

აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნები WP-სთან ანონიმურად ამბობენ, რომ რუსეთი ირანისთვის Су-35-ების საიდუმლოდ მიყიდვის შეთანხმებაში დაწინაურდა. ეს თეირანის საჰაერო ძალების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რადგან მათი თვითმფრინავები, ძირითადად, 1979 წლამდე ნაწარმოები ამერიკული და საბჭოთა კავშირის გამანადგურებლებია. ამას გარდა, მათივე ცნობით, რუსეთმა დადო პირობა, რომ ირანის სათვალთვალო თანამგზავრებს გაუწევს ტექნიკურ მომსახურებას და დაეხმარება სატელიტების კოსმოსში გამშვები რაკეტების შენებაში.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს საჯარო სამხილი, რომელიც ირანისთვის Су-35-ების გადაცემას ადასტურებს. წყაროები აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვიდან ამბობენ, რომ გადაცემის პროცესი შესაძლოა ირანის მიერ თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი თანხების გადახდის შენელებამ გადადოს.

ირანს დიდი ხანია რაც რუსული С-400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაც სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას ამ დანადგართან დაკავშირებითაც.

ამას გარდა, წყაროები ამბობენ, რომ სარგებელი ამ თანამშრომლობით რუსეთმაც ნახა. ათასობით დრონის გარდა, მოსკოვმა გასულ წელს გადაწყვიტა შეეძინა 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო საქონელი, რაშიც დრონსაწინააღმდეგო სისტემებიც შედიოდა. ასევე, ირანი რუსეთს დათანხმდა, რომ მიყიდდა მიწა-მიწა ტიპის რაკეტებსაც. როგორც ეს დაზვერვის ახალ მასალებშია ნათქვამი, ამ შეიარაღების გადაცემა მალე დაიწყება. სადაზვერვო სააგენტოებს ამ დრომდე არ გააჩნიათ ინფორმაცია, რაც დაადასტურებს, რომ რუსეთმა მსგავსი შეიარაღება უკვე მიიღო.

ასევე, გაჟონილ წერილებში ნათქვამია, რომ მოსკოვმა და თეირანმა დაიწყეს კოოპერაცია დრონების წარმოებაშიც. ჰაკერული ჯგუფი Prana Network-ის მიერ მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებით WP-სთან წყაროებმა თქვეს, რომ ეს წერილები ნამდვილია.

 

კომენტარები