რუსული კანონი

იმედი: ბოლშევიკური მეთოდებით გვებრძვიან

იმედი
IMEDINEWS

ტელეკომპანია იმედის განცხადებით, მათი თანამშრომლები ოპოზიციური მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წნეხის ქვეშ გრძნობენ თავს და ბულინგის ობიექტები ხდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ტელეკომპანია თვლის, რომ ამ გზით ორგანიზაციები და მედიები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ "განსხვავებულ აზრთან" ბრძოლას. 

"არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, მათთვის მონების ძახილი, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მათი ფოტოების გაკვრა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვა და პირადი ცხოვრების მათ მიერვე გამოგონილი ისტორიებით შანტაჟი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ბოლშევიკური მეთოდებით განსხვავებულ აზრთან ბრძოლა. და ამ ქცევას საერთო არაფერი აქვს არც დასავლურ დემოკრატიასთან და არც ცივილიზებულ სამყაროსთან.

რევანშისტული პოლიტიკური ძალა, ამას ახლა ოპოზიციური ფლანგიდან აკეთებს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულის გამოყენებით, ისევ ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. იმის მიუხედავად, რომ ეს ძალა ფლობს და აკონტროლებს 4 ტელევიზიას და არაერთ ონლაინ მედიაპლატფორმას, მიყვება გზას, რომელიც 2 ათეული წლის წინ აირჩია - ისევ თავს ესხმის ტელეკომპანია იმედს და იმედის თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო სექტორი, წლებია დაშორდა მთავარ მიზანს - აღარსად ჩანს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა, რადგან ახლა მათი მთავარი საქმე პოლიტიკური საქმიანობაა და არა ადამიანი". - წერია განცხადებაში.  

ტელეკომპანია იმედი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, რომ არ დატოვონ "რეაგირების გარეშე იმედის ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ შეტევას და კარგად ორგანიზებულ კამპანიას".

კომენტარები