რუსული კანონი

4 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის სხდომიდან გააძევეს

საქართველოს პარლამენტი

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილი და თინა ბოკუჩავა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან გააძევა. საკანონმდებლო ორგანოში დღეს რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

პაპუაშვილმა დეპუტატები სხვისი გამოსვლების დროს მიკროფონის გარეშე საუბრისა და შეძახილებისთვის ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი ისინი დარბაზიდან მანდატურის სამსახურს გააძევებინა. 

იმ დროს, როცა სიტყვით ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი უნდა გამოსულიყო, ბოკუჩავამ და ნაცვლიშვილმა პროტესტი მაგიდაზე დარტყმით გამოხატეს.

"ქალბატონო ანა, წიგნი არის საკითხავად და არა დასარტყმელად და ის დანიშნულებისამებრ რომ გამოიყენოთ, თქვენც წაგადგებათ და საქმესაც" - მიმართა პაპუაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.

კომენტარები