ბიძინა ივანიშვილი

ევროპული საქართველო: ივანიშვილი ხალხის ხარჯზე Bitcoin-ისთვის შეღავათიან ტარიფს იღებს

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, სერგო რატიანმა და აკაკი ბობოხიძემ თბილისის თავისუფალი ეკონომიკურ ზონაში მდებარე Bitcoin-ის დატა ცენტრთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. დეპუტატების თქმით, იმ ფონზე როდესაც მოსახლეობას ტარიფები გაეზარდა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შეღავათებით სარგებლობს.

"2018 წელს საქართველოს მოსახლეობა გაზრდილი ტარიფებით შეხვდა. გაძვირება შეეხო წყალს, ელექტროენერგიას და გაზს. "ქართული ოცნების" მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი: ეკონომიკური ზრდის ტეპის დაცემა, სამუშაო ადგილების შემცირება, გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები, ინფლაცია, ფასების ზრდა, ლარის დაცემა და ამ ყოველივეს შედეგად მოსახლეობის გაღარიბებაა. ისმის ლოგიკური კითხვა რამ გამოიწვია მაშინ მოხმარების ზრდა. განვიხილოთ ეს ელექტრო ენერგიის მაგალითზე.

2015 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-მა თბილისის თავისუფალ ზონაში დატა ცენტრის გახსნა და კრიპტო ვალუტის - ბიტკოინების გამომუშავება დაიწყო. გახსნის დღეს ანუ 15 დეკემბერს თბილისის მოხმარება დღეში 40 მეგავატით გაიზრდა. ქარხანა უკვე ორი წელია მუშაობს და მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია გამოვითვალოთ თუ რამდენით გაზარდა მან თბილისის მოხმარება. აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც ქარხნის მოხმარების გამო მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს იხდის, თვითონ ქარხანა შეღავათიანი პირობებით სარგებლობს, როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვებგვერდის მიხედვით, ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია ანუ გახსნის მომენტში დაახლოებით 10 თეთრი იყო).

ინტერეს მოკლებული არ უნდა იყოს თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას. კანონმდებლობის თანახმა თავისუფალი ზონა იქმნება სახელმწიფოს ინიციატივით ან ბიზნესის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ზონა შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-ს მოთხოვნით. მიუხედავით იმისა თუ ვისგან მოდის ინიციატივა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და თავისუფალი ზონა უნდა აკმოყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. მიწა - კანონის თანახმად ფართობი უნდა აღემატებოდეს 10 ჰა და მოთხოვნის შეტანისას მთხოვნელმა უნდა წარადგინოს საკუთრების დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში მოთხოვნამდე რამოდენიმე თვით (2015 წ. 25 მაისს) ადრე მთავრობამ სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადასცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა რამოდენიმე თვის შექმნილ კომპანიას.

  2. გეგმა - კომპანიამ უნდა წარუდგინოს მთავრობას გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ თავისუფალი ზონიდან. სარგებელი შეიძლება იყოს ინვესტიციები, მოსახლეობის დასაქმება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ამ შემთხვევაში:

  • ეკონომიკური სარგებელი - ოფიციალურად ზონა გაკეთდა ტექნოლოგიური პარკისთვის. პირველი კითხვაა რამდენად არის ბიტკოინების წარმოება ტექნოლოგიური პარკი? და მეორე და მთავარი რამდენად შეუწყობს ბიტკოინების წარმოება, რომლითაც კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს, თან საზღვარგარეთ, ქვეყნის ეკონომიკის გაჭანსაღებას?

  • დასაქმება - საუკეთესო შემთხვევაში კომპანია დაასაქმებს 10-20 სპეციალისტს.

  • ინვესტიციები - კომპანიის მიერ დახარჯული თანხების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ ძვირადღირებული აპარატურის შეძენას მოხმარდა და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებად ამ შემთხვევაში ძნელად თუ ჩაითვლება. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძეა. BitFury-ის ინფორმაციით, კიკვაძე ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია.

როგორც ვხედავთ სახეზეა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ სასათბურე პირობების შექმნას, თანაც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე. იმის ნაცვლად, რომ კანონით თავისუფალი ზონისთვის გათვალისწინებული პრივილეგიები ეკონომიკურ ზრდას, როგორც შედეგი პენსიებისა და დახმარებების მატებას; ადამიანების დასაქმებას და კეთილდღეობას, მოხმარდეს ისინი მიმართულია ერთი მილიარდელის კიდევ უფრო გამდიდრებისკენ. მთავრობისვე განცხადებით ამის პირდაპირი შედეგია ელექტრო ენერგიის ტარიფის მატება და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება", - წერია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები