საქართველოს საპატრიარქო

ბოკერია საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე: ასეთი ნაბიჯები არასწორია დღეს, არასწორი იყო გუშინ

გიგა ბოკერია

"ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად არასწორია დღეს, არასწორი იყო გუშინ, იმ პოლიტიკური გუნდის დროსაც, როცა მე გახლდით ხელისუფლებაში" - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გადაცემა. ცვლილებები ტყის კოდექსში შედის და მას გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

"ვითარება კი არ გაუმჯობესდა, რომ ამ ტიპის ცდუნებას ხელისუფლებები აღარ აყოლოდნენ, პირიქით, გაუარესდა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ და სიძულვილის თესვაში ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას, შემდეგ მათი მხარდაჭერის მოპოვებას ამ ტიპის ნაბიჯებით. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენი ქვეყნის მიმავლისთვის და ყველა კონფესიისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით - გრძელვადიანი თვალსაზრისით" - ამბობს ბოკერია.

20 მაისს გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცემა. 

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთრებაში მიიღებს ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყის ფართობს.

კომენტარები