ლიტვა - ბელარუსი

ლიტვა ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციებს უწესებს, მას ლიტვაში შესვლა აეკრძალება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირების სიაში შეიყვანა, რომლებსაც ლიტვაში შესვლა ეკრძალებათ.

ლუკაშენკოს გარდა ლიტვაში შესვლა კიდევ 31 ადამიანს აეკრძალება. ლიტვის ხელისუფლების აზრით, ბელარუსში არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული და გაუმართლებელი ძალის გამოყენებაზე ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები. 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, ლიტვა მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, სანქციები დაადოს ბელარუსში არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს. ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ ლიტვის მხრიდან ლუკაშენკოსთვისა და კიდევ 31 ბელარუსის მოქალაქისთვის ლიტვაში შესვლის აკრძალვა ამ სანქციების ნაწილია.

ქვეყანაში შესვლის აკრძალვის ძალაში შესვლისთვის ის ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს.

19 აგვისტოს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების განსახილველად გაიმართა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი. სამიტზე გადაწყდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ აღიარებენ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებასა და მომიტინგეებზე ძალადობაში ჩართულ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესდებათ.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.

კომენტარები