ნავალნის მოწამვლა

ნავალნი ხუმრობით გამოეხმაურა პუტინის ვერსიას, რომ მან, შესაძლოა, თავი მოიწამლა

ნოვიჩოკით მოწამლული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის ვერსიას, რომ თითქოს, შესაძლოა, რუს ოპოზიციონერს თავი თავად მოეწამლა, ხუმრობით შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"კარგი ვერსიაა. ვფიქრობ, ეს იმსახურებს ძალიან ახლოდან შესწავლას. მე სამზარეულოში მოვამზადე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში მათარიდან ჩუმად მოვწრუპე. კომაში ჩავვარდი. მანამდე, მე ჩემს ცოლთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად შევთანხმდი, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო ჩემ გერმანიაში წაყვანას დაჟინებით მოითხოვდა, ისინი ამის გაკეთებას არ დაუშვებდნენ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზი - "საკმარისად იცოცხლა" იქნებოდა, ჩემი ცბიერი გეგმის საბოლოო მიზანი იქნებოდა. თუმცა, პუტინმა მაჯობა. მას უბრალოდ არ შეუძლია შეცდეს. შედეგად, მე, სულელი, კომაში 18 დღის განმავლობაში ვიყავი, თუმცა, ჩემსას ვერ მივაღწიე. პროვოკაცია ჩაფლავდა!"

მან გერმანიის კლინიკიდან ახალი სურათიც გააზიარა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, უთხრა, რომ შესაძლოა, ალექსეი ნავალნის, გაურკვეველი მიზეზით, თავად მიეღო ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავი. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ფრანგულ გაზეთზე Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თუ რა წყაროს ეყრდნობა გაზეთი - არ არის დაკონკრეტებული.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

17 სექტემბერს ნავალნის გუნდში თქვეს, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

რა არის ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

    კომენტარები