არჩევნები 2020

ბოკუჩავა: ჰედლაინის ფორმულირება გინდათ, როგორც ჩერგოლეიშვილს უნდა, ჩემი სიტყვები მაქვს

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ დღეს, პირველ ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტია ვალდებულებას იღებს, არ შევიდეს კოალიციაში ქართულ ოცნებასთან და არ დაუჭიროს მხარი მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე.

პარტიის ამ განცხადებას ფორმულას ეთერში ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა გამოემაურა და ეს "დაგმე მიშას" კამპანიად შეაფასა. ბოკუჩავას შეფასებით, ამ კამპანიით ევროპული საქართველო საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოძერწვას ცდილობს.

ტაბულა დაინტერესდა, რატომ მიიჩნევს დეპუტატი ბოკუჩავა, რომ სააკაშვილის პრემიერობისთვის მხარის არდაჭერა, მისი გმობაა. დეპუტატმა კითხვას არ უპასუხა. 

"კონკრეტულ კითხვაზე გპასუხობთ ჩემი ფორმულირებით, თქვენ თუ ჰედლაინის ფორმულირება გინდათ და მაინც ისე გამოიტანთ, როგორც თამარა ჩერგოლეიშვილს უნდა, ხომ გესმით... მე ჩემი სიტყვები მაქვს".

ტაბულას კითხვაზე ბოკუჩავას პასუხის ფორმულირება კი შემდეგნაირია:

"ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ ვკონცენტრირდეთ მთავარ სამიზნეზე, ამიტომ ვისურვებდი, ევროპულმა საქართველომ გაასწოროს საკუთარი კომპასის პოლიტიკური ისრები და კონცენტრირდეს ოპოზიციის მთავარ სამიზნეზე, რაც არის ივანიშვილი...

მიხეილ სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნას მცდელობა ბიძინა ივანიშვილს აქვს 8 წლის განმავლობაში, სრულიად უშედეგოდ, რადგან ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რომ მთავარი სამიზნე ივანიშვილის სააკაშვილია, იმიტომ, რომ ის ასოცირდება პროგრესთან და ქართული ოცნება რეგრესთან.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს ევროპული საქართველო სააკაშვილის წინააღმდეგ, რითაც ძალიან ემსგავსება იმ ანტიპიარის მცდელობას ქართული ოცნებისგან, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ვხედავთ, ტყუილის, ცილისწამების კამპანიას, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. სიმართლის და ტყუილს შორის განსხვავების დანახვა ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ამიტომ ვისურვებდი, რომ ამგვარ კამპანიაში არ ჩართულიყვნენ სხვა ოპოზიიური პარტიები და განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები იყვნენ". – გვითხრა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატია.

კომენტარები