აშშ-ბელარუსი

აშშ-მ ბელარუსის რვა მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

Al-Monitor

2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა

სანქცირებულებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ბარსუკოვი, უშიშროების ძალების უფროსები, საარჩევნო კომისიის ორი მაღალჩინოსანი. მათ ბრალად ედებათ მომიტინგეების ძალადობრივად დარბევა და არჩევნების შედეგების გაყალბება.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი კარაევს და ბარსუკოვს ბრალს სდებს სამართალდამცავი სისტემის მართვაში, სადაც ბელარუსის ქუჩებსა და ციხეებში ლუკაშენკოს ბრძანებით ირღვევა ადამიანის უფლებები. სახაზინო დეპარტამენტი ლუკაშენკოს ბელარუს დიქტატორად მოიხსენიებს. 

სანქცირებულებს აქტივები ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ერთობლივი ბიზნესსაქმიანობა ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკოს და სხვა მაღალი რანგის პირებს აშშ-მ სანქციები 2006 წლიდან დაუწესა.

მანამდე, სანამ აშშ დააწესებდა სანქციებს, რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირმა დაუწესა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები.

ევროკავშირის მიერ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები 2 ოქტომბრიდან ამოქმედდება. სანქციები შეეხება 40 ოფიციალურ პირს, რომლებსაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხება ალექსანდრ ლუკაშენკოს.

ამის შემდეგ, ბელარუსმა დაუწესა ევროპელ მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციები .

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

კომენტარები