დროა, ემბარგო გადატვირთვის პოლიტიკაზე დაწესდეს

0 კომენტარი

როდესაც ერთი მუჭა დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ, საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობამ იკითხა, გამოიყენებდა თუ არა მოსკოვი ამ შემთხვევას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის საბაბად. თბილისელები დაინტერესდნენ, რა იცავდა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, 40-იოდე კილომეტრში განთავსებული რუსული ტანკებისაგან. რა და თავდადებული და ამაყი ქართული არმია, ერაყისა და ავღანეთის მისიების ვეტერანების ჩათვლით, რომელსაც, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, დასავლური სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის საშუალება არ ეძლევა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა, საგაზაფხულო რიტუალად ქცეული დემონსტრაციების კომენტირებისას, რომლებიც წელს 21 მაისს დაიწყო, რადიო თავისუფლებას განუცხადა: „მასშტაბური რისკი აბსოლუტურად არ არსებობს, არ არის ამის სისტემური, საზოგადოებრივი, მენტალური ნიადაგი. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ასეული კაცი, ასე თუ ისე კოორდინირებული რუსეთთან, იყოს ბევრ რამეზე წამსვლელი. ეს, რა თქმა უნდა, იქნება უსიამოვნო, მაგრამ ასეთი რისკებისათვის ნებისმიერი სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი სტრუქტურა მზად არის”.
რუსულმა მედიამ, რა თქმა უნდა, თბილისის მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები მაქსიმალურად გააზვიადა. ეს ინფორმაცია ბევრმა უცხოურმა მედიასაშუალებამაც, უბრალოდ, გაიმეორა. თბილისში კრიზისის პიკის ეს შეთითხნილი სურათი, გააერთიანეთ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციასა და ჟენევის მოლაპარაკებებზე კრემლის დიპლომატიის გაჯიქებასთან და მიხვდებით, რატომ არის ზოგი შეშფოთებული.
გარდა ამისა, გასულ თვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ვიზიტები საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს, მორიგი დასტურია იმასა, რომ მოსკოვი იქ ფეხს მყარად იკიდებს, ხოლო დასავლეთი სტანდარტული ფრაზებით პროტესტის გამოხატვას სჯერდება.
მეტიც, რუსეთი რომ დააშოშმინოს, დასავლეთი არც უკან დახევას გაურბის. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, აშშ-ის მეთაურობით, საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესეს.
თუ არ ჩავთვლით იმ უმნიშვნელო კამათს, რომლითაც ზოგი დასავლელი მაღალჩინოსანი საკუთარ მხდალ პოლიტიკას ნიღბავს, რეალობა ასეთია: არც ფორმალური ემბარგო, არც კანონები, არც პრეზიდენტის განკარგულებები თუ NATO-ს გადაწყვეტილება ემბარგოზე არ არსებობს. საქართველოს და მისი დასავლელი მხარდამჭერების ორნახევარწლიანი თხოვნის, შეხსენების და ახსნა-განმარტების შემდეგ კი, ავღანეთის მისიაში საქართველოს არმიისათვის საჭირო, მცირე სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე თანხმობაა მოპოვებული. ამრიგად, საქართველოს იარაღის გამოუცხადებელი, თითქმის სრული ემბარგო აქვს დაწესებული.
ვფიქრობ, მიმიხვდით: თავდაცვითი სისტემების – ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და ოპერატიული მართვის აღჭურვილობის – მიყიდვა, რომლებიც საქართველოს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სჭირდება, მოსალოდნელი არ არის.
ამის ნაცვლად, დასავლელი მაღალჩინოსნები, აშშ-ის მიერ საქართველოს იმ სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაზე მიუთითებენ, რომლებსაც ავღანეთში აგზავნიან. ისინი საქართველოს ტერიტორიული ურღვეობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერასა და ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე ბაასობენ. ამ ყოველივეს კი, საქართველოს სათანადო თავდაცვის უზრუნველყოფის ხელისშეშლასთან, საერთო არაფერი აქვს.
ზოგი დასავლელი მაღალჩინოსანი უფრო დახვეწილ ხერხს მიმართავს და გამოთქვამს ეჭვს, რომ საქართველოს არმია ასეთი აღჭურვილობისათვის მზად არ არის. და ამას ამბობენ იმ 2008 წლისშემდგომი სამხედრო წვრთნების, მომზადებისა და შემუშავებული დოქტრინის ფონზე, რომლებსაც დასავლეთი ხელმძღვანელობს. თუმცა, არმიის წვრთნასა და დოქტრინის შემუშავებას იმის უცოდინრობა ზღუდავს, თუ რომელ იარაღის სისტემებზე გათვლით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი.
გარდა ამისა, ომი მზადყოფნას კი არა, შეძლებისდაგვარად მზად ყოფნას გულისხმობს. დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია – საქართველოს არმიას კი, შესაძლოა, დრო არ ჰქონდეს.
დაუჯერებელია, რომ აშშ-მა იმ ქვეყნის არმიას, რომელიც გაეროს რეიტინგით მსოფლიოში ყველაზე წიგნიერია, რომლის სამხედროებიც ერაყისა და ავღანეთის მისიებისათვის წარმატებით გაიწვრთნა, ვერ ასწავლოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, საზენიტო რაკეტებისა და რადიოგადამცემების გამოყენება.
როდესაც დასავლელი მაღალჩინოსნები ემბარგოზე სერიოზულ დისკუსიებს გაურბიან, ემბარგოს უარყოფით ანდა თავდაცვითი იარაღის მისაწოდებლად მასშტაბური წვრთნების ჩატარების წინაპირობის წაყენებით, ძნელია ამ ემბარგოს ზუსტი მიზეზის დადგენა. თუმცა, ყველაფერი ობამას ადმინისტრაციის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკასა და მსგავსი ევროპული სტრატეგიებისკენ მიუთითებს. რუსეთის აგრესიისადმი დიდი ყურადღების გამოჩენა და, მიუხედავად მოსკოვის ძლიერი წინააღმდეგობისა, საქართველოსთვის დახმარების გაწევა, მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადატვირთვის ფარისევლობას გამოამჟღავნებს.
ამას კი აშშ-ის მთავრობაში არავინ იტყვის, ამიტომ მეორად წყაროებს უნდა დავეყრდნოთ. The Atlantic-ის ვებგვერდის ბოლოდროინდელ სტატიაში ჯოშუა კრუსერა წერს: „საქართველო კბილებამდე შეიარაღებულიც რომ იყოს” – რასაც არავინ სთავაზობს – „ნათელია, რომ ეს არაფერში გამოადგება. რუსეთის სამხედრო ძალის სიძლიერე იმდენად აღემატება საქართველოსას, რომ დამატებითი შეიარაღების სარგებლობა საკამათო საკითხი იქნებოდა”.
ასეთი ლოგიკით, ნებისმიერი პატარა ქვეყნის თავდაცვა შეუძლებელია – ყველა ასეთი ქვეყანა დიდ ქვეყანას უნდა დამორჩილდეს.
ასეთი ფუჭი ლაყბობა სტანდარტულ გართობად იქცა. მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 2009 წლის 17 ივნისის წერილის თანახმად, რომელიც Wikileaks-მა ინტერნეტით გაავრცელა, წერილის ავტორი ამბობს: „არ არსებობს იმ უპირატესობების ნეიტრალიზების გზა, რომლებიც რუსეთს გეოგრაფიის, ზომისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით გააჩნია”. გადატვირთვის ძირითადი პოსტულატის შესაბამისად, წერილში წერია, რომ თავდაცვაში საქართველოს დახმარების ნაცვლად, „შეგვიძლია, რუსეთთან თანამშრომლობა სხვა სტრატეგიულ სფეროებში გავაძლიეროთ და ისეთი დამატებითი წონა შევძინოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობას, რაც რუსეთს კარგად დააფიქრებს, სანამ კავკასიაში დაძაბულობის გამწვავებას შეეცდება”.
ჯერ არ არის ყველაფერი დაკარგული – საღი აზრი არსებობს. ზემოხსენებული წერილიდან მეორე დღეს, თბილისში აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილ წერილში, რომელიც ასევე Wikileaks-მა გაავრცელა, წერია: „საქართველოს მილიტარიზაცია მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთმა და მისმა მარიონეტმა რეჟიმებმა გაზარდეს... პრეზიდენტ მედვედევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად”.
თბილისში აშშ-ის საელჩოს წერილში წერია, რომ საქართველოს მიზანი რუსეთის დამარცხება კი არ არის, არამედ მორიგი შემოჭრის ხელშეშლა და თბილისის ოკუპირების მცდელობის მოგერიება, რითიც დროს მოიგებს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლისთვის. „ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს, ხმელეთზე შეტევა რომ შეაჩეროს, საკმარისი რაოდენობის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები სჭირდება, რაც მას ამჟამად არა აქვს”.
ეს სტრატეგია გონივრულია. საქართველო რუსეთს ვერ დაამარცხებს. ამოცანა ნაცნობი აგრესორის მორიგი აგრესიის შეკავებაა ბარიერების აღმართვით, დანახარჯების დაკისრებით და საერთაშორისო ზეწოლით. გადატვირთვით ნაკარნახევი ემბარგოს პოლიტიკა კი აგრესიას და გარდაუვალ სისხლისღვრას აადვილებს, რაც, სხვათა შორის, ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას ნაგვის ურნაში სამუდამოდ მოისვრის.
დროა, ემბარგო საქართველოს მოეხსნას და მის ნაცვლად, გადატვირთვის პოლიტიკაზე დაწესდეს. 
 
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები