საკონსტიტუციო სასამართლო

0 კომენტარი

რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ჩემთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. ვიფიქრე რამდენი ჭკუასუსტი დადის-მეთქი ამ ქვეყანაზე, რამ მოაფიქრათ ასეთ რამეზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი. მერე კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო. ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ვერც კი დავუშვი, რომ შესაძლებელი იქნებოდა საკითხი მოსარჩელეს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო, ამიტომ არც მომიკითხავს.

ასე ერთი თვის წინ მონღოლეთის მთავრობას ვაძლევდი რჩევებს და საქართველოს მაგალითს ვიშველიებდი. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ თუ უკეთესად ვერ მოახერხებდნენ, ისე მაინც მოქცეულიყვნენ, როგორც 7 წლის წინ საქართველოში მოვიქეცით. სასტუმროში ყოველი შემთხვევისათვის კანონის ტექსტი გადავამოწმე, კანონის ჩანაწერის ფორმა მაინტერესებდა და ჰოი საოცრებავ! სასურველი ტექსტის ნაცვლად აღმოჩნდა ჩანაწერი – საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით კანონის ნორმა გაუქმებულიაო. გავბრაზდი და მერე მივხვდი რამდენად სასაცილოა ეს ამბავი. ერთი კი გადავწყვიტე – საქართველოში რომ დავბრუნდები, ტაბულას მკითხველს მაინც ვეტყვი რა სახალისო ამბავი დაგვმართია-მეთქი. ასე რომ, ვასრულებ საკუთარი თავისათვის მიცემულ პირობას.

საქმე ეხება სოციალური დახმარების კანონს. გაუთვითცნობიერებელ მკითხველს მცირე ინფორმაციას მივაწვდი.

ამ კანონის საფუძველზე საქართველოში ღარიბ-ღატაკ მოსახლეობას დახმარების სახით ფულს და ჯანმრთელობის დაზღვევას ვჩუქნით. ღარიბების პოვნა მარტივი საქმე არ არის, როგორც მოგეხსენებათ. თითოეულ ჩვენგანს ღარიბ ოჯახზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ამ კანონამდე დახმარების ღირსებად მხოლოდ მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და სხვადასხვა ომების მონაწილეები თუ უწყებების ყოფილი თანამშრომლები ეგონა სახელმწიფო ბიუროკრატიას. შესაბამისად, ფულსაც მხოლოდ ეს ჯგუფები იღებდნენ.

იმდროინდელმა მთავრობამ მარტივი და შედარებით ობიექტური მიდგომის გამოყენება სცადა. წლების განმავლობაში ოჯახების შემოსავლებს და ხარჯებს სტატისტიკის სამსახური აკვირდებოდა სრულიად სხვა მიზნებისათვის, კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების გაზომვას ცდილობდა. კვლევაში მონაწილე ოჯახებს ინფორმაციის დამალვის არანაირი მოტივი არ ჰქონდათ. ამიტომ ეს მონაცემები შედარებით სანდო იყო და სტატისტიკოსებმა ყველაზე დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის დამახასიათებელი ობიექტური და მარტივად შესამჩნევი მახასიათებლების ძებნა დაიწყეს. შემდეგ ამ მახასიათებლების ერთობლიობით ოჯახები ერთმანეთისათვის უნდა შეედარებინათ. ყველაზე უარესი მახასიათებლების მქონე ოჯახებისათვის ფული მთავრობას უნდა მიეცა, რომელსაც მთავრობა ასეთი მეთოდის უქონლობის შემთხვევაში მაინც დახარჯავდა, მაგრამ ფული უფრო მდიდარ ნაწილთან მოხვდებოდა.

ასობით პარამეტრი შემოწმდა სტატისტიკურ მნიშვნელობაზე. ბოლოს 200-მდე პარამეტრი შეირჩა და თითოეულს სხვადასხვა მნიშვნელობა – ეგრეთ წოდებული წონა მიეკუთვნა. გემახსოვრებათ ალბათ ამ 200-დან ჩვენს ინტელექტუალ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს განსაკუთრებულად ტელევიზორი და მაცივარი შეუყვარდათ. იმდენი ქნეს, რომ მეთოდოლოგიიდან ტელევიზორი ამოაღებინეს ადვილად დამყოლ ბიუროკრატიას, მაშინ როდესაც იმ ოჯახებს, ვისაც ძველი შავ-თეთრი ტელევიზორი ჰქონდა, ეს პარამეტრი კეთილდღეობის ქულას უმცირებდა და უფრო მეტ შანსს აძლევდა დახმარების მიმღები გამხდარიყო. ეს ამბავიც სასაცილოა, თუმცა სხვა ოპერიდანაა.

მოკლედ, მრავალგზის ტესტირებული პარამეტრების ერთობლიობით მიიღება შეფასება. დრო მართლაც გავლენას ახდენს ამ პარამეტრებზე და პერიოდულად საჭიროა ანალოგიური სამუშაოს განმეორებით ჩატარება, რათა შეფასების მეთოდოლოგია არ მოძველდეს.

მაშინაც, როდესაც ეს კანონი იწერებოდა, გასაგები იყო, რომ ბევრი ადამიანი უკმაყოფილო იქნებოდა, როცა შეფასების შედეგი საკმარისი არ იქნებოდა ფულის ან სხვა რამე სარგებლის მისაღებად. მუდმივად იქნებოდა სხვადასხვა ტიპის და მიმართულების კერძო დაინტერესება, ფული სასურველ ადამიანებს მიეღოთ. სუბიექტივიზმზე დაფუძნებული სასამართლო სარჩელების თავიდან ასაცილებლად დაიწერა შემდეგი:

„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დონე და ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა არ საჩივრდება”.

ადამიანურ ქართულ ენაზე თუ გადავთარგმნით, ამ პუნქტში ეწერა, რომ ვიღაცის ხუშტურზე, ობიექტური კვლევის გარეშე, ღარიბი ვის დავუძახოთ, არ უნდა დგინდებოდეს, ბიუჯეტის მიღება პარლამენტის და არა სასამართლოს საქმეა და დაახლოებით ერთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სავარაუდოდ ერთნაირად უნდა ვეხმარებოდეთო. ამ პრინციპების მართებულობა პარლამენტმა აღიარა და არ საჩივრდებაო. ოღონდ ნუ მკითხავთ რამდენ პარლამენტარს ესმოდა ამ პუნქტში ეს რომ ეწერა, როცა ამ კანონს ხმას აძლევდა.

გვეგონა, რომ მოწინააღმდეგეები ისეთივე პრიმიტიულები იქნებოდნენ, როგორც ჩვენ ვიყავით. აღმოჩნდა, რომ მათი სტრატეგია ღრმა და ყოვლისმომცველია. თურმე თავის დროზე ამათ იდეოლოგიურ მამებს აქვთ კონსტიტუციაში გათვალისწინებული, რომ სოციალური სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილის ქონების ექსპროპრიაცია მეორე ნაწილის სასარგებლოდ პერმანენტული პროცესი უნდა იყოსო. ანუ სოციალური დახმარების მიღება უფლება ყოფილა. ამიტომ სოციალური დახმარების უფლების, ისევე როგორც სხვა უფლებების, დაცვაც სასამართლოში უნდა ხდებოდესო.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საკონსტიტუციო სასამართლომ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ანტიკონსტიტუციური ყოფილა, როდესაც მათხოვარი მოვა და თქვენ შეიძლება მას ფული არ მისცეთ, რადგან თქვენებური შეფასების მეთოდი გამოიყენეთ და გადაწყვიტეთ, რომ ამ კონკრეტული მათხოვრის დახმარება საერთოდ არ გინდათ. ანტიკონსტიტუციურია, თუ თქვენი დახმარების ზღვარი მხოლოდ მოხუცებულ მათხოვრებზე გადის და ბავშვებს და ლოთებს, არგუმენტირებულ მოსაზრებაზე დაყრდნობით, შეგნებულად არ ეხმარებით. მოსამართლისათვის იქნებ სხვა არგუმენტები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდეს? ანტიკონსტიტუციურია, თუ თქვენ 20 თეთრს მისცემთ, მაშინ როდესაც თქვენგან ლარს ითხოვდნენ. ამიტომ შესაძლებელია მოსამართლეს შინაგანმა რწმენამ უკარნახოს, რომ თქვენ ლარი უნდა გაგეღოთ და 80 თეთრის კომპენსაცია დაგაკისროთ ზედ დამატებული ჯარიმით.

ვითომ ნორმალურია ეს ამბავი? რა ვუთხრა ამის შემდეგ მონღოლეთის მთავრობას?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები