სეპარატისტული რეგიონები

კოკოითის ოპოზიცია: სისხლისღვრაზე პასუხისმგებელი რუსეთიც იქნება

კოკოითის ოპოზიცია ცხინვალში მდგომარეობის გართულებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.  როგორც ოპოზიციონერი კანდიდატის ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენელმა ალინა მარზოევამ განაცხადა, სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას „მოსკოველი კორუფციონერების ბანდა“ ცდილობს, რომელიც ვლადიკავკაზში იმყოფება. მისი  განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვართან მობილიზებულია ჩრდილოეთ ოსეთის სპეცრაზმი,  რომელიც, სავარაუდოდ, შეეცდება ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ოპოზიცის მომხრეების გადაადგილება არ დაუშვას.

„თუ რუსი ძალოვნების მიზეზით სისხლი დაიღვრება, ეს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ რუსეთის ხელისუფლების ბრალიც იქნება“, - განაცხადა ოპოზიციონერი კანდიდატის შტაბის წარმომადგენელმა.

ალა ჯიოევას მომხრეები ამჟამად მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. თავად  ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედ ხელისუფლებას ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ჯიოევას შტაბმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის მასობრივი აქციებისთვის ემზადება.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, ბათილად გამოცხადდა.  განმეორებითი არჩევნები  მომავალი წლის მარტში უნდა გაიმართოს. 

კომენტარები