უეფას ევროპა ლიგა

ატლეტიკოს მეორე ევროტრიუმფი

357 დღის შემდეგ ატლეტიკოს კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ კიდევ ერთხელ ითამაშა უეფას ევროპალიგის ფინალში და ამჯერად ორი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი კვლავ აღმართა მთავარი ჯილდო. თითქმის ერთი წლის წინ ფალკაო პორტუში თამაშობდა და პორტუგალიელებმა ქვეყნის მეორე კლუბს ბრაგას გადამწყვეტ მატჩში სწორედ ფალკაოს ერთადერთი გოლით სძლიეს - 1:0.

ამჯერად ფალკაოს მადრიდის ატლეტიკომ ესპანეთის მეორე კლუბს, ბილბაოს ატლეტიკს აჯობა 3:0. 26 წლის თავდამსხმელმა, რომელიც გასულ ზაფხულს გადაბარგდა პორტუდან მადრიდში, დუბლი მიითვალა.

რადამელ ფალკაო წელს 12 გოლით გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. შარშან მან ევროტურნირების რეკორდი დაამყარა - 17 გოლი შეაგდო. 29 თამაში და 29 გოლი - ასეთია ევროპალიგის წლევანდელი ფინალის გმირის საერთო სტატისტიკური მონაცემები ამ გათამაშებაში.

ის პირველია, რომელმაც ზედიზედ მოიპოვა ბომბარდირის ტიტული ევროპალიგის/უეფას თასის ისტორიაში. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ 29 გოლით გათამაშების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა შორის მეორეა (გერმანელ დიტერ მიულერთა ერთად) - მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება შვედ ჰენრიკ ლარსონს...

”დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ!” - განუცხადა კოლუმბიელმა ფორვარდმა ჟურნალისტებს და დასძინა - ”ერთი წლის წინ, როცა პორტუდან ატლეტიკოში გადავდიოდი, მეუბნებოდნენ, რომ ვცდებოდი. დღეს დადასტურდა, რომ მე კი არა, ისინი ცდებოდნენ!”

ფალკაომ პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა: საჯარიმოს კუთხეში ბილბაოელთა გამოცდილ მცველ ფერნანდო ამორებიეტას აჯობა და მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.

34-ე წუთზე მან მეორე გოლი მიითვალა. ამორებიეტამ კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა, მირანდამ ბურთი აართვა და არდა თურანს დაუგორა, რომელმაც მეკარის საჯარიმოსთან კოლუმბიელი მოძებნა. იქ კი ფალკაომ მოხდენილი ფინტით მცველი ჩამოიშორა და ატლეტიკის მეკარე გორკა ირაისოსს შანსი არ დაუტოვა - 2:0.

85-ე წუთზე მადრიდელთა ბრაზილიელმა გამთამაშებელმა დიეგომ გაიბრწყინა: ლამის ცენტრიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 3:0!

მადრიდის ატლეტიკომ ევროპალიგა მეორედ მოიგო. 2010 წელს ესპანელებმა ჰამბურგში ლონდონის ფულემი დაამარცხეს 2:1.

ტრიუმფატორთა 42 წლის მწვრთნელი დიეგო სიმეონე გახდა მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადამიანი ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მთავარი ჯილდო ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო. 1998 წელს სიმეონეს მილანის ინტერმა რომის ლაციოს სძლია.

არგენტინელმა ლეგენდარული იტალიელი მეკარის დინო ძოფის და ჰოლანდიელი მწვრთნელის ჰუუბ სტევენსის მიღწევები გაიმეორა. ძოფმა ეს თასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში ტურინის იუვენტუსთან ერთად მოიგო, სტევენსი კი 1978 წელს პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი იყო, 1997 წელს კი გელზენკირხენის შალკე 04-ს წვრთნიდა.

აგვისტოში მადრიდის ატლეტიკო კიდევ ერთხელ ითამაშებს ევროპის სუპერთასზე. 2010 წელს ესპანელებმა მილანის ინტერი დაამარცხეს.

ცნობისათვის: გაისად ევროპალიგის ფინალს ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი, ულამაზესი ამსტერდამ არენა უმასპინძლებს.

 

9 მაისი, 2012. ევროპა ლიგის ფინალი. რუმინეთი, ბუქარესტი, ნაციონალ არენა

ატლეტიკო (მადრიდი) 3:0 ატლეტიკი (ბილბაო)

გოლები: 1:0 რ.ფალკაო (7), 2:0 რ.ფალკაო (34), 3:0 დიეგო (85)

ატლეტიკო: ტ.კურტუა, დ.გოდინი, მ.სუარესი, ფ.ლუისი, ა.ლოპესი (ე.სალვიო 88), რ.ფალკაო, ა.თურანი (ა.დომინგესი 90), გაბი (კაპ), ხუანფრანი, დიეგო (კოკე 90), მირანდა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინა)

ატლეტიკი: გ.ირაისოსი, ი.აურტენეჩე (ი.პერესი 46), ფ.ამორებიეტა, ა.იტურასპე (ი.გომესი 46), ფ.ლიორენტე, ო.დე მარკოსი, მ.სუსაეტა, ა.ირაოლა (კაპ), ი.მუნიაინი, ა.ერერა (გ.ტოკუერო 63), ხ.მარტინესი

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა (არგენტინა)

გაფრთხილება: ა.ერერა, რ.ფალკაო, ფ.ამორებიეტა, ი.პერესი, მ.სუსაეტა

მსაჯები: ვ.შტარკი; ი-ჰ.სალვერი, მ.პიკერი, ფ.მეიერი, დ.აიტეკინი (ყველა გერმანია)

კომენტარები