Must carry

ლიბერალს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება

აგვისტოს ლიბერალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას Must Carry-ს პრინციპის შესრულების შეფერხებაში ადანაშაულებს. სტატიაში სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები (კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია) კომისიის მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამო Must Carry-ს პრინციპის შესრულების მინიმუმ ორი კვირით დაგვიანებაზე საუბრობენ. 
7 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა უწყების ვებგვერდზე, რომელიც ზემოაღნიშნულ სტატიას ეხმიანება. 
კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 6 აგვისტოს 11 საათის მონაცემებით, საკაბელო ოპერატორების აბონენტების საერთო რაოდენობიდან, რომელიც სულ 190 000 აბონენტს შეადგენს, მეცხრე არხის ყურების საშუალება აქვს 189 249 აბონენტს, მაესტროს -130 073, კავკასიის - 159 226, 25-ე არხის კი 76 912 .
ამავე დროს, კომისია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში. კომისია განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, აუცილებელია საკაბელო ოპერატორებსა და დაინტერესებულ მაუწყებელს შორის შედგეს კომუნიკაცია, რის შემდეგაც საკაბელო კომპანიას სიგნალის გადასაცემად სჭირდება საათები, და არა 2 კვირა.
კომისია აგრეთვე უარყოფს ინფორმაციას, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ კომპანიას - შპს გორდას არ დაუწყია Must Carry-ს განხორციელება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს გორდამ Must Carry-ს განხორციელება 2012 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები