რაბათი

მეუფე თეოდორე ახმედიეს მეჩეთს მართლმადიდებლურ ტაძრად მიიჩნევს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე, ახალციხეში, რაბათის ციხეში მდგარი ახმედიეს მეჩეთის საპატრიარქოსთან შეთანხმებით რესტავრაციას მოითხოვს.

"როგორ გაკეთდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სპეციალისტი და კომპეტენტური პირი არ ვარ. რომ გაკეთდა, ეს არის ძალიან კარგი. ვისაუბრებ მხოლოდ მცირე ისტორიაზე. ეს მეჩეთი აშენდა 1752 წელს ახმედ ჯაყელის მიერ, რომელიც იყო მუსულმანი ქართველი და ეს ააშენა ქართველებისთვის. ეს არის ქართული კულტურის ძეგლი. გადმოცემით, ამ ადგილზე იყო ქრისტიანული სამლოცველო, რომელიც დაშალეს და აშენდა მეჩეთი. არ არის ჩატარებული სათანადო არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ამას დაადასტურებდა, მაგრამ იმედია მომავალში ეს მოხდება. შემდეგ მოხდა ახალციხის აღება რუსეთის მიერ, 1829-1830 წლებში რუსებმა დაიკავეს, გადაკეთდა ტაძრად, მიშენდა სამრეკლო, გაკეთდა ორი სადიაკვნო და დაიწყო ფუნქციონირება ტაძარმა. შიგნით არის ტრაპეზი ნაკურთხი. შიგნით რომ შეხვალთ, მეეჭვება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის მეჩეთი", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

გამომდინარე იქიდან, რომ საუკუნეების წინ რუსებმა მეჩეთი სამხედრო ტაძრად გადააკეთეს, თეოდორე ჭუაძე ახმედიეს მეჩეთს, ტაძრად და მაშასადამე, საპატრიარქოს საკუთრებად განიხილავს.

"რაც ეხება მის მდგომარეობას, არ შეიძლება მასში რაიმე არქიტექტურული ცვლილებების შეტანა. 200 წელია მას აქვს სამრეკლო და საკურთხეველი, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ნებისმიერი ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული საპატიარქოს არქიტექტურულ საბჭოსთან. იყო საუბარი მოჩუქურთმებული ქვების გამოტანაზე, სადაც ჯვრებია ამოკვეთილი. შესაძლოა, მათ გატანაზე ვიფიქროთ, მაგრამ რადგან საპატრიარქოს ტაძარია, უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან, რა სახის გამოფენა განთავსდება შიგნით, რადგან ყველა სახის გამოფენის განთავსებას საპატრიარქო ვერ დათანხმდება. სასიხარულოა, რომ აღდგა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ის აღდგა ძველ ფარგლებში და მისი პროექტი შეთანხმებული იყო საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოსთან", - აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

მრგვალ მაგიდას ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილიც ესწრება. საქართველოს პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა რაბათში რესტავრაციის დაწყებას ეწინააღმდეგება.

ამავე თემაზე:

რაბათის ღმერთები

ნახევარმთვარის მოტაცება

 

 

 

კომენტარები