დათა ახალაიას განცხადება

გიგი უგულავა: ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი

თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ, 15 აპრილს დათა ახალაიას სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბარში უგულავამ დათა ახალაიას მიმართვა 19 აპრილის აქციას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ აქციის ეშინია და ამ მეთოდით ცდილობს ოპონენტებთან ბრძოლას. 
"დადასტურდება თუ არა, ეს მისი პირადი საქმეა. მან ან უნდა დაადასტუროს ეს, ან უნდა ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ეს მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა, რაც შვიდი თვის განმავლობაში გაზეთებში თუ ტელევიზიებში არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, ისე ეშინია ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, რომ ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერი ვარაუდობს, რომ 19 აპრილამდე "ხუხაშვილის თავში მოხარშული" კიდევ ბევრი "ავადმყოფობა" შეიძლება იხილოს საზოგადოებამ. 
"ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. ახალაიას თანამშრომლობის 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულები. ასე რომ, ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, თუმცა ძალიან დასანანია, თუ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება", - განაცხადა უგულავამ. 

კომენტარები