დათა ახალაიას განცხადება

კბილაშვილი: ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანა არ არის დაკავშირებული მერაბიშვილთან

ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დათა ახალაიას გუშინ, 15 აპრილს, გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მთავარი პროკურორის თქმით, დათა ახალაია პოლიციელ აზარაშვილის საქმეზეა ბრალდებული და საქართველოში ჩამოსვლის შემთხევაში, მას დააკავებენ.
"თუ იგი საქართველოში ჩამოვა, ამ ღონისძიების ფარგლებში იქნება დაპატიმრებული. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, რა ჩვენებას მისცემს იგი ამ თუ სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მომავალი გვაჩვენებს. საქართველო, მისი ყველა მოქალაქის სამშობლოა. სისხლის სამართლებრივი პროცესი პირებს სხვადასხვა სტატუსს ანიჭებს. გამოძიებას დათა ახალაიასთვის ბრალი აქვს წარდგენილი და თუ დავრწმუნდებით მის ბრალდებაში, დევნას განვაგრძობთ, თუ არა - შევწყვეტთ", - განაცხადა კბილაშვილმა. 
კბილაშვილი აცხადებს, რომ დათა ახალაიას Facebook-ით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს. 
"ამ შემთხვევაში, ის ფაქტები, რომელიც, სავარაუდოდ, მის განცხადებაშია მოყვანილია -ლაფანყურის, ციხის კადრების შექმნა და საზღვარგარეთ გატანა, იაღლუჯაზე ჯარისკაცების არაადამიანური მოპყრობა, გადავამოწმებთ ამ ჩვენებას დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. ვიდრე არ ვიცით, დანამდვილებით მას ეკუთვნის თუ არა ეს განცხადება და არ მისცემს ანალოგიურ ჩვენებას, არ წარიმართება არანაირი გამოძიება ამ განცხადებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დათა ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ ადასტურებენ, ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის თუ არა გუშინ გავრცელებული განცხადება. ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ისიც გაურკვევლობაშია, რადგან არ იცის რამდენად არის ნამდვილი 15 აპრილს გამოქვეყნებული განცხადება.   
ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით დათა ახალაიას ბრალდებებს არასერიოზული უწოდა გია ლორთქიფანიძემ, რომელიც შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო.  
"ლაფანყურის მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელთანაც ვთანამშრომლობ, მომავალშიც ვითანამშრომლებ და იმედია, ჭეშმარიტებას სწორედ გამოძიება დაადგენს. მსგავს განცხადებებს უკვე აღარც ვეცნობი. დათა ახალაიას განცხადებას კი, რა თქმა უნდა, არასერიოზულად მივიჩნევ", - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში. 
აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დათა ახალაიას მიერ ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებული ერთ-ერთი ბრალდება უარყო. კბილაშვილის თქმით, ციხის სკანდალური კადრების საზღვარგარეთ გატანა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული არ არის. 
"გამოძიების არსებული ვერსია არის ის, რომ ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანა არ არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილთან. ჩვენი ინფორმაციით, კადრების გატანა მოხდა სხვა წყაროებით. თუ დათა ახალაიას გააჩნია მტკიცებულებები იმისა, რაზეც განცხადებაში საუბრობდა, შეუძლია დაადასტუროს, რომ კადრები შექმნილია და საზღვარგარეთ გატანილია სწორედ ვანო მერაბიშვილის მეშვეობით, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდებით და ვაწარმოებთ გამოძიებას", - აღნიშნა კბილაშვილმა.

კომენტარები