აშშ-ს კონგრესის განცხადება

ნანუაშვილი:კონგრესის განცხადება გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეფუძნება

facebook.com/UchaNanuashvili

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უსაფრთხოების დარგში საქართველოსთან თანამშრომლობის დოკუმენტის გადახედვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ კონგრესის შესაბამისი კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს და ურთიერთკავშირებს ეყრდნობა. 

"ინფორმაცია 100-მდე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ სწორი არ არის, აყვანილია მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსანი. რაც შეეხება გასული წლის სექტემბერში დაკავებულ პირებს, რომლებიც წამების მუხლით და სხვა მძიმე დანაშაულისთვის იქნენ დაპატიმრებული, მე რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავ მათ დაკავებებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. სახახლო დამცველის აპარატი სწავლობს ყველა მათგანის საქმეს და მათზე სპეციალურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ, თუმცა ამ ეტაზე გამიჭირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი. ესაა რამდენიმე ადამიანის მიერ შემუშავებული წერილი, რომლებსაც საკუთარი წყაროები ჰყავთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათი ინფორმაციები არ არის დამყარებული კონკრეტულ ფაქტებზე და ის უფრო მეტად ეფუძნება გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს და პოლიტიკურ ურთიერთკავშირებს" , – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დოკუმენტს (Statement of Congres on Defence Cooperation with Georgia) გადახედავს. შესწორებების ტექსტმა შესაბამისი კომიტეტი უკვე გაიარა. 

 ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

 აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული.”

 

კომენტარები