აშშ-ს კონგრესის განცხადება

სააკაშვილი:კონგრესის განცხადებამ ჩემზე დამთრგუნველად იმოქმედა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უსაფრთხოების დარგში საქართველოსთან თანამშრომლობის დოკუმენტის გადახედვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რომ კონგრესის შესაბამისი კომიტეტის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ მასზე დამთრგუნველად იმოქმედა. 

"რომ ვნახე ეს განცხადება, გული მომიკვდა, იმიტომ, რომ ამერიკის კონგრესი წინა წლებში იღებდა და უნდა მიეღო წესით განცხადება, სადაც საუბარი იქნებოდა, რომ საქართველოს იარაღი უნდა მისცენ, ქართული არმია აღჭურვონ, ნატოში ინტეგრაცია დააჩქარონ და ამის მაგივრად, პირველად ისტორიაში, მსგავსი განცხადება მიიღეს, რაც არასდროს მომხდარა. ეს არ არის უბრალოდ, საგაზეთო სტატია, ან ვიღაცის განცხადება, ეს განცხადება გააკეთა აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა და ავტომატურად, ეს ყველაფერი დამტკიცდება. როგორც ჩანს, კომიტეტმა გაფართოების მთლიან სხდომაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისა და საქართველოს უკუსვლის შესახებ", - განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას.

"ეს წლები რასაც ვაკეთებდით, ყველაფერი პრაქტიკულად წყალში გვეყრება. 2008 წელს ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი, აწია ჰაერში ავიაცია და ამან გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მათთვის, ვისაც აინტერესებს, ამერიკა რატომაა მნიშვნელოვანი. საქართველო დღეს არსებობს იმიტომ, რომ ამერიკა დაგვიდგა გვერდზე და თუ ამერიკა აღარ დაგვიდგება გვერდზე, ჩვენ ვრჩებით მხოლოდ ონიშენკოს პატრონი ქვეყნის ამარა. აშშ-ს სურს ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, ხოლო ონიშენკოს სამშობლოს ფუნქციაა, იხილოს დამოკიდებული და სუსტი, დაქუცმაცებული, გაუბედურებული ქართველი ერი, ამიტომ არჩევანიც არ არის აქ, თუ იმაზე უარს ამბობ, მაშინ მეორეს ხელში ჩავარდები"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დოკუმენტს (Statement of Congres on Defence Cooperation with Georgia) გადახედავს. შესწორებების ტექსტმა შესაბამისი კომიტეტი უკვე გაიარა. 

 ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

 აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული.”

კომენტარები