აშშ-ს კონგრესის განცხადება

ზალკალიანი: თეთრი სახლი კონგრესის განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებს

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უსაფრთხოების დარგში საქართველოსთან თანამშრომლობის დოკუმენტის გადახედვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, კონგრესის შესაბამისი კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების სულისკვეთებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი არ იზიარებენ. 

"ერთი კვირის წინ კონგრესმენი ტერნერი მტკიცედ უჭერდა მხარს და ხმაც კი მისცა კანონპროექტის განხილვის დროს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, შემდგომ მან დებულება ჩაანაცვლა უაღრესად მიკრძოებული ანალიზით, რაც შედეგია იმისა, რომ ის სავარაუდოდ დაექვემდებარა საქართველოდან მიღებულ ცალმხრივ ინფორმაციას. ეს ზემოქმედება კი განხორციელდა იმ ძალების მიერ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ კერძო ინტერესებით და უგულვებელყოფდნენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას",- აცხადებს დავიტ ზალკალიანი. 

მისივე თქმით, ვიდრე კანონპროექტი ძალას შეიძენს, წინ გრძელი პროცესია. წარმომადგენლობის პალატის პარალელურად, მიმდინარეობს სენატის ვერსიის შემუშავება, სამხედრო კომიტეტის სხდომაზე უკვე იყო მისი განხილვა და იქ არანაირი მსგავსი ჩანაწერი არ ფიგურირებს. გარდა ამისა, უშუალოდ წარმომადგენლობის პალატის ვერსიასაც არ ქონდა ერთგვაროვანი მიდგომა და ათზე მეტმა დეპუტატმა მას მხარი არ დაუჭირა. 
"ვფიქრობ, კონფერენციაზე, სადაც უნდა შეჯერდეს სენატისა და წარმომადგენლობის პალატის ვერსიები, საქართველოსთვის სასურველი ფორმულირება შემუშავდება საბოლოო ვერსიისთვის",- აცხადებს მინისტრის მოადგილე. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დოკუმენტს (Statement of Congres on Defence Cooperation with Georgia) გადახედავს. შესწორებების ტექსტმა შესაბამისი კომიტეტი უკვე გაიარა. 

 ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

 აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული.”

 

კომენტარები