საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

ბოკერია: გამარჯვებულებს უნდა ესმოდეთ, რომ დამარცხებულები არ ქრებიან

გიგა ბოკერია
tabula.ge

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "დიალოგში" ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ისაუბრა. ბოკერიას თქმით, ბაქრაძე ძლიერი კანდიდატი იქნება.  

"დავით ბაქრაძე არის აშკარად ლიდერი პრაიმერიზის. მე თავს შევიკავებდი კონკრეტული პროგნოზებისგან, ბუნებრივია, რომ როგორც ამ პოლიტიკური გუნდის წევრს, მაქვს წარმატების იმედი. მივიჩნევ, რომ თავისთავად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრაიმერიზის დანერგვა, ქართულ პოლიტიკურ კულტურაში იყო ძალიან კარგი არჩევანი, მყისიერადაც, ამ მომენტისთვისაც და, ზოგადად, გრძელვადიანი პოლიტიკური მომავლისთვისაც. მიმაჩნია, რომ დავით ბაქრაძე ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება, თუმცა ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საარჩევნო კლიმატზე, ამ თვალსაზრისით, მდგომარეობა არის ძალიან პრობლემატური", - თქვა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაზე ისაუბრა. ბოკერიას განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ არჩევნების მოგება, წაგებულის განადგურებას არ ნიშნავს.

"პრობლემა უკავშირდება ზოგადად იმ კურსს, რომელიც აირჩია ახალმა ხელისუფლებამ არჩევნების გამარჯვების შემდეგ. არჩვენები არის ნორმალური გზა განვითარებისთვის, ვიღაცას შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე ამის თქმა, მაგრამ არჩევნების გზით ხელისფლების შეცვლის პირველი პრეცედენტი, მიუხედავად ძალიან დაძაბული წინასაარჩვენო კამპანიისა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, დემოკრატიის ნაწილში, მნიშვნელოვანი მომენტია. ეს უნდა მომხდარიყო, პირველად საქართველოს ისტორიაში. ყოველთვის ძალიან მწარეა დამარცხება არჩევნებში, თუმცა იმის გაცნობიერება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის, არ არის რთული. ნორმალურ, ლიბერალურ დემოკრატად ჩამოყალიბებას აქვს, გარდა ამ ტესტისა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მრავალჯერ არჩვნების გზით, მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი - გამარჯვებულებს უნდა ესმოდეთ, რომ დამარცხებულები არ ქრებიან. არ მიდიან ციხეში, იმიტომ რომ დამარცხდნენ. არ ხდება ეროზია ყველა ინსტიტუტის და ყველა თამაშის წესის გადახედვა ონლაინრეჟიმში. ამის გაცნობიერება, ჯერჯერობით, მიუხედავად ზოგჯერ პრემიერის და მისი გუნდის მხრიდან ცივილიზებული განცხადებებისა, ვერ მოხდა. ეს განცდა, რომ მათ მოიგეს თავისუფალი არჩევნები და მიიღეს ხელისუფლება, არ აქვთ. თვლიან, რომ ეს უფლება არსებობს ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, რომ გაანადგურო მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ ის მიგაჩნია ცუდად", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კომენტარები